
პარლამენტმა მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირების მიზნით მომზადებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 100 ლარისა; 30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 300 ლარისა, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის 300-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.
მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებები სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემასაც შეეხება. კერძოდ, 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბება, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ 100-ქულიან სისტემაში 10 ქულის შემცირებას, (საპატრულო ეკიპაჟის მიერ ჯარიმის გამოწერის შემთხვევაში), 30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს ასევე ქულათა რაოდენობის 10 ქულით შემცირებას, ნაცვლად 20 ქულისა, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბება - 20 ქულით შემცირებას.
კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.