
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 95 ხმით, 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს (93 ხმით, 8 წინააღმდეგ), რომელიც საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების დაწყების ვადის განსაზღვრის საკითხს შეეხება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საკითხის პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, პარლამენტის პლენარულ და ასევე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომებზე ოპოზიციასთან მიღწეული ზოგადი პრინციპული შეთანხმების საფუძველზე, ინიცირებულ კანონპროექტში ცვლილებები შევიდა.
მისი თქმით, როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, ასევე, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე წევრის უფლებამოსილება ცნობილი იქნება შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ერთი და იგივე ვადაში, რაც ჩაიწერა, მათ შორის, ცესკოსთან კონსულტაციების საფუძველზე იმიტომ, რომ აქ გათვალისწინებულია ოქმის გასაჩივრების ვადები.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შევა კანონის 135-ე მუხლშიც, რომელიც ადგენს მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა ვადებს, კერძოდ:
კანონპროექტის თანახმად, კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყება საკრებულოს იმ არჩეული წევრის უფლებამოსილება, რომლის უფლებამოსილებაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, მაგრამ რომლის არჩევა დასტურდება შემაჯამებელი ოქმით.
ასევე, ამ კანონის ამოქმედებისთანავე დაიწყება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის იმ ადგილმონაცვლე პირის უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე არ დაწყებულა, თუმცა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტი მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ, ძალაშია შესული.