
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებსა და დამცავ ზონებში განხორციელებულ ცალკეულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებული რეგულაციების დაზუსტებას ითვალისწინებს.
მომხსენებლის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დღეს მოქმედი რედაქციით, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მშენებლობის განხორციელების ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სამუშაოების განხორციელების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა გავიდა და მშენებლობა/რეაბილიტაცია დამთავრებული არ არის ან განხორციელებულია უნებართვო მშენებლობა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო დამრღვევს 90-დღიან ვადას განუსაზღვრავს სათანადო თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან ამ დარღვევის გამოსასწორებლად.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით და ეს შეღავათი იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ ახალი შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართობი ან არსებული შენობა-ნაგებობის გაბარიტის გაზრდის მიზნით მშენებლობის განხორციელებისას გაზრდილი ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. ამასთან, დგინდება გამონაკლისი, რომლის მიხედვით, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ან/და ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების ფარგლებში განხორციელებულ მშენებლობაზე, თუ მას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი ახორციელებს.
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 ხმით მიიღო.