საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პლენარული სხდომები 25 ივნისი 2026
პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც სხდომაზე საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა წარადგინა.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, 2025 წელს 44 აუდიტი ჩატარდა, მათ შორის, 5 − ფინანსური, 26 - შესაბამისობის, 3 - უწყებათაშორისი შესაბამისობის და 10 - ეფექტიანობის აუდიტი. მისი თქმით, შარშან ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა 36.5 მილიონი ლარი შეადგინა.

გენერალური აუდიტორის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები, მობილიზებული იქნა დამატებითი შემოსავლები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - საბიუჯეტო რესურსები დაიზოგა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული, დაზოგილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 11.8 მილიონი ლარი შეადგინა. 

„2025 წელს, მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას 17 აუდიტის ანგარიში გადაეგზავნა. აქედან, 4 დაერთო უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, ხოლო 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე. პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივ გამოხატულებაში 80 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

მომხსენებლის თქმით, 2025 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინსტიტუციური განვითარების ახალი საფეხურზე გადავიდა და პირველად განახორციელა სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ნაცვლად ინდივიდუალური, სამინისტროების ფინანსური აუდიტისა. როგორც მან აღნიშნა, შედეგად ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდა.

მომხსენებელმა ფინანსური, შესაბამისობის, ეფექტიანობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მიმართულებებით ჩატარებული აუდიტების შედეგები მიმოიხილა, ასევე ისაუბრა ძირითად მიგნებებსა და გამოწვევებზე.

გენერალურმა აუდიტორმა რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, 2020-2025 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 3 200-ზე მეტი რეკომენდაცია გასცა, რომელთა 79% სრულად ან ნაწილობრივ შესრულებულია, 11% – მიმდინარეა, 10% – შეუსრულებელი.

„რეკომენდაციების შესრულების დადებითი ტენდენცია შეინიშნება ცენტრალური ხელისუფლების დონეზე გაცემულ რეკომენდაციებზე, რომლის წილიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 47%-დან 61%-მდე გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფინანსური აუდიტების ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციებს აქვს და 61%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ეფექტიანობის აუდიტის რეკომენდაციებზე მოდის და 30%-ს შეადგენს. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანწილად ეფექტიანობის აუდიტების შინაარსიდან გამომდინარე, რეკომენდაციების შესრულების მეტი სირთულითა და შესრულების პროცესის ხანგრძლივობით არის განპირობებული.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

გენერალურმა აუდიტორმა ანგარიშის წარდგენისას, აუდიტის სამსახურის საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2025 წელს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა 31 აუდიტის ანგარიში განიხილა, რაც ამ მიმართულებით ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც საკითხის თანამომხსენებელი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

„აუდიტის სამსახური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა, რასაც საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს - PEFA-სგან სამსახურს მაქსიმალური შეფასება აქვს მიღებული. უკვე მერვე წელია, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური გარე აუდიტის „დიდი ოთხეულიდან“ უპირობო დასკვნას იღებს. სამსახურის წარმატებას ხაზს უსვამს ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა  და  აზიის განვითარების ბანკმა მას საქართველოში მათ მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტი ანდეს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ. 

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროპული სტანდარტების შესაბამისია, ევროპაში კი აუდიტის სამსახურს ოპოზიციაც და უმრავლესობაც ერთნაირად უფრთხილდება. 

„ევროპაში აღნიშნავენ, რომ აუდიტის სამსახური პარლამენტის „თვალებია“.  აუდიტის სამსახურს ასეულობით აუდიტორი ჰყავს, რომლებიც ფინანსებს ამოწმებენ და დასკვნას დებენ. ეს დასკვნა თქვენ, ოპოზიციას გჭირდებათ. გვჭირდება ჩვენ,  მთავრობას სჭირდება და აუდიტის სამსახური სრულყოფილად უნდა მუშობდეს. საქართველოს აუდიტის სამსახური, რომელიც გერმანულ მოდელს ეფუძნება, რეკომენდაციებს გასცემს და მას სადამსჯელო ფუნქცია არ გააჩნია“, - აღნიშნა  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ. 
​

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე", პარლამენტმა 76 ხმით მხარი დაუჭირა.