საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პლენარული სხდომები 25 ივნისი 2026
პარლამენტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 83 ხმით, მხარი დაუჭირა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს.


საკითხი პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ წარადგინა.


ორგანული კანონის პროექტით, ცვლილებები შედის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, აუდიტორული უფლებამოსილებების განხორციელებისა და სამსახურის შიდა მმართველობის მარეგულირებელ ნორმებში. კერძოდ, ზუსტდება ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ცნებები, ასევე აუდიტის ობიექტის განმარტება.


კანონის პროექტით, შემოდის საჯარო ურთიერთობების მდივნის ინსტიტუტი, რომლის მიზანი სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებთან კოორდინირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფაა. ფართოვდება გენერალური აუდიტორის ორგანიზაციული უფლებამოსილებები, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, სამსახურის გავლის წესის, შრომითი ურთიერთობებისა და შიდა სამართლებრივი აქტების განსაზღვრის მიმართულებით.


ასევე, ახლებურად წესრიგდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის ფუნქციები და განისაზღვრება სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სტატუსი. გარდა ამისა, პროექტით ზუსტდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილების ფარგლები, მათ შორის, იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც აუდიტი ვრცელდება და სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმებით, ისარგებლოს ელექტრონული მონაცემთა ბაზებით.


ცვლილებებით წესრიგდება აუდიტის შედეგების გასაჩივრების, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის, აუდიტის ანგარიშების გამოქვეყნების, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების, შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები.