საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პლენარული სხდომები 09 ივნისი 2026
პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების საკითხს შეეხება.

 

საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.

 

კანონპროექტის თანახმად, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება აღარ იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია და სრულად განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კომპეტენციად.

 

გარდა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა, შესაძლებელი გახდება საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საბაზო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან გათანაბრება.

 

აგრეთვე, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობის უფლებით. ამასთან, იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ საზღვარგარეთ აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, დაექვემდებარებიან ავტორიზაციის პროცესს.

 

ცვლილება არ ეხება უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარებას.

 

სრული ზოგადი განათლების აღიარებას კვლავ უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.