საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

პლენარული სხდომები 16 ივნისი 2023
პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

„ევროკავშირის წევრობა ქვეყნის კონსტიტუციური ნორმაა და ის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


საგარეო საქმეთა მინისტრი, „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა მოხსენებით.


ილია დარჩიაშვილმა საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა; განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს.


როგორც მან განაცხადა, საქართველო განაგრძობს თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.


მისივე თქმით, საქართველო 12 პრიორიტეტის შესრულების დასკვნით ფაზაზეა.


 „ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ევროკავშირთან ფართო ეკონომიკური და სექტორული დაახლოების გზით, ხელშესახები სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს საზოგადოებას, რაც ყველაფერთან ერთად, პრაქტიკულად მოამზადებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობისთვის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


მომხსენებლის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროპული მომავლისადმი მკაფიო და პირდაპირი მხარდაჭერა, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუციებისა და წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირების საჯარო გამოსვლებსა თუ ორმხრივ შეხვედრებზე ჩანს.


ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ქართული მხრიდან არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა.


გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები როგორც ნატო-ს შტაბ-ბინაში, ისე საქართველოში, სადაც მოკავშირეებთან ერთად განიხილებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი და სამომავლო პერსპექტივები.


მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.


„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად რეგიონში შექმნილი უაღრესად მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


მომხსენებელმა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებისა და სხვადასხვა დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, არაერთი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა.


როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით.


„უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების თანაავტორობით, თანასპონსორობის თუ განცხადებებზე მიერთების გზით გამოიხატება. საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციების და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


​ილია დარჩიაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატია, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობისა და ორმხრივად სარგებლიანი თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.