საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მედია და საზოგადოება 18 ივნისი 2026
პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, სარეკლამო აბრებსა და სხვა საჯარო წარწერებში ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვის საკითხებზე და ქართული ენის ნორმების გაციფრულების პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია.

მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის სრულფასოვან ინტეგრაციას ციფრულ სივრცეში, რაც ახალ, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომების შემუშავებას საჭიროებს.

„სამუშაო ჯგუფის მიზანი ქართული სალიტერატურო ენის ნორმებისა და ტერმინოლოგიური სტანდარტების დაცვა, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გაციფრულების სტანდარტიზაცია და სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაძლო გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებაა“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ასევე განიხილეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საჭიროებები, გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ.