
საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლები პარლამენტში შეხვედრებს მართავენ.
შეხვედრაზე, რომელიც პოლიტიკურ ჯგუფის, „გირჩის“ წევრებს და ოდირის (ODIHR) წარმომადგენლებს შორის შედგა, მხარეებმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე, მათ შორის, საარჩევნო სისტემის გამართულობასა და პარტიების დაფინანსების საკითხებზე ისაუბრეს.
ყურადღება დაეთმო იმ საკითხებს, რომლებიც დაფინანსებასთან დაკავშირებით მცირერიცხოვანი პარტიების წინაშე დგას.
„ვისაუბრეთ ზოგადად საარჩევნო სისტემაზე, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს, ასევე იმ ცვლილებებზე, რომლებიც 12 პუნქტიანი რეკომენდაციის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს და იმ პრობლემებზე, რომლებიც გვაქვს ჩვენი პარტიიდან და პერსპექტივიდან გამომდინარე. განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ იმ საკითხზე, რომ ინდივიდუალური დაფინანსების მიღება პარტიის მხარდამჭერებისგან პატარა პარტიებისთვის ძალიან გართულებულია. შეხვედრა იყო საინტერესო და პროდუქტიული. შევთანხმდით თანამშრომლობის გაგრძელებაზე და ვიმედოვნებთ, რომ როდესაც ისინი ახალი რეკომენდაციებით შემოვლენ საქართველოს მთავრობასთან, იქ პატარა პარტიების ინტერესიც უფრო მეტად იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ.