საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხზე, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით წარდგა

პლენარული სხდომები 26 ნოემბერი 2025
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხზე, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით წარდგა

უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხზე, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წარდგა.


შეკითხვებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.


„განათლების სისტემაში დღეს რთული, არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, დონე არადამაკმაყოფილებელია, აქედან გამომდინარე, საფუძვლიანი ცვლილებების განხორციელება გვჭირდება, რათა ჩვენს ქვეყანაში ევროპული დონის განათლების სისტემა მივიღოთ. თვისობრივი დაახლოება თუნდაც ოთხწლიან პერიოდში მიღწევადია. ეს მოიცავს როგორც სწავლების დონეს, ასევე ინფრასტრუქტურას, სასწავლო პროგრამებს, სახელმძღვანელოებს და საკადრო პოლიტიკას. ეს არის განათლების რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ განათლების სისტემაში დღეს არსებული ვითარების შეფასებისას.


​პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი განათლების რეფორმირების საჭიროებებზე საუბრისას, შვიდი კონცეპტუალური მიდგომა გამოყო და თითოეული მათგანის მნიშვნელობა განმარტა.


„ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა – რესურსების არაოპტიმალური გამოყენება და ხარისხის უთანაბრობა უნივერსიტეტებში. იმისათვის, რომ შევძლოთ როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური გამოყენება, უმაღლესი განათლების სისტემაში უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. თბილისში, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს. მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი თბილისში მოქმედებს 4 სხვადასხვა უნივერსიტეტში. ერთ შემთხვევაში დონე არის საშუალო, მეორეში – საშუალოზე დაბალი, მესამეში – საშუალოზე დაბალზე დაბალი და მეოთხეში – კიდევ უფრო დაბალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა მაშინ, როდესაც ოპტიმიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან მალე, საშუალოვადიან პერსპექტივაში, იურიდიულ ფაკულტეტზე თბილისში უზრუნველვყოთ არსებითად იგივე ხარისხის და დონის განათლება, რაც არის მაგალითად, განვითარებულ სახელმწიფოებში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი კობახიძემ სტუდენტების საგრანტო დაფინანსების მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების წინ დამკვიდრებული მიდგომა ცვლილებას და განახლებას საჭიროებს.


„უნდა შეფასდეს, რა მიმართულებით რა საჭიროება არსებობს და კონკრეტული სპეციალობები განისაზღვროს. მაგალითად, ექიმის მომზადებას შეიძლება მეტი თანხა დასჭირდეს, ვიდრე იურისტის მომზადებას. ამასაც კი არ ითვალისწინებს დღევანდელი მოდელი. ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს. ვფიქრობთ, ეს საგრანტო მოდელი უნდა ჩანაცვლდეს დაკვეთაზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ბევრ კომპონენტს გაითვალისწინებს ერთობლივად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


​პრემიერ-მინისტრმა უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სწავლების ახალ მოდელზე ისაუბრა.


„არავის გაუანალიზებია, რამდენად არის აუცილებელი 4+2 სისტემა. ჩვენ სიღრმისეული ანალიზი განვახორციელეთ და ვფიქრობთ, საფუძვლიანად ჩავთვალეთ 3+1+1 სისტემაზე გადასვლა. სამ წელიწადში სრულიად შესაძლებელია მაღალი ხარისხით ბაკალავრიატის და ერთ წელიწადში მაგისტრატურის გავლა, პლუს ერთ წელიწადში, თუ სტუდენტს უნდა, აკადემიური საქმიანობის გაგრძელება. მრავალ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ასეთი სისტემა, ვგულისხმობ განვითარებულ ქვეყნებს, აქედან გამომდინარე, ეს სისტემა, ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ – უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას. ეს ასევე, თანხების დაზოგვასაც გამოიწვევს, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება ხარჯები, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


​პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვან გამოწვევებს უნივერსიტეტების საკადრო პოლიტიკა და თანამედროვე სტანდარტების სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა წარმოადგენს.


​მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სპეციალისტები შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე მოამზადონ, რათა სტუდენტები იმ პროფესიებს დაეუფლონ, რომლებიც დეფიციტური და მოთხოვნადია.


„დეფიციტი არის პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ტექნიკური მიმართულებები – მშენებლები, არქიტექტორები, ინჟინრები, გეოლოგები. სერიოზული პრობლემებია, მათ შორის, ხარისხის კუთხით, ვინაიდან არ გვყავს კვალიფიციური კადრები ბევრი მიმართულებით. შესაბამისად, თუ უმაღლესი განათლების რეფორმა არ გატარდა, დავრჩებით იქ, სადაც ვართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


​უმაღლესი განათლების რეფორმაზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საუბარი პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე საუბრით დაასრულა.


​მისი თქმით, აუცილებელია, რომ დღეს არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებების მოწესრიგება მოხდეს, რომელიც როგორც სტუდენტების საერთო საცხოვრებლების, ასევე კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი სივრცეების გაჯანსაღებას მოიცავს.


​პრემიერ-მინისტრმა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წევრების შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.