
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს შეხვდა.
რატი იონათამიშვილმა მოსწავლეებს კომიტეტის უფლებამოსილებები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ორგანიზაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.
კომიტეტის თავმჯდომარე მოზარდებს ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაზე, მე-11 მოწვევის პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმასა და პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის პროცედურაზე ესაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. რატი იონათამიშვილმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ოპოზიციის როლი პარლამენტში, საპარლამენტო ზედამხედველობა, მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი, განათლების ხელმისაწვდომობა, ბავშვის უფლებების დაცვა და სხვა.
„ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა. ეს შეხვედრები ჩვენი საქმიანობისთვის უდიდესი სტიმული, მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მომავალ თაობას ნაკლები მოსაგვარებელი პრობლემა და მეტი შესაძლებლობა დავუტოვოთ განვითარებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.