
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და შშმ თემის წარმომადგენლებმა.
დისკუსიის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს შშმ პირთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ასევე იმსჯელეს აღნიშნული ინიციატივების პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობებსა და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ ნაბიჯებზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე 2021 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი ფუნქციაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე საკოორდინაციო კომიტეტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანი პლატფორმაა მხარეებს შორის გამოცდილებისა და მოსაზრებების გაზიარებისთვის, რაც შშმ პირთათვის სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.