საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარის, ზაქარია ქუცნაშვილის პრესკონფერენცია

მედია და საზოგადოება 22 ივლისი 2013
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარის, ზაქარია ქუცნაშვილის პრესკონფერენცია

საარჩევნო კანონმდებლობაში ინიცირებულ სიახლეებთან დაკავშირებით საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. ცვლილებები შეეხება პარტიების საქმიანობაში არსებული შეზღუდვების მოხსნას და დასაბუთებული ხარჯების დამატებით ანაზღაურების საკითხებს. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პარტიებისთვის საჯარო ღონისძიებების მოწყობის შედეგად ნებადართული შემოსავლების ოდენობა 60 000 ლარიდან 300 000 ლარამდე იზრდება. შემოწირულობების უფლება უბრუნდება საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს იმ აუცილებელი პირობის დაცვით, რომ მისი პარტნიორები და საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები უნდა იყვნენ.

ადმინისტრაციული რესურსის და პოლიტიკური კორუფციის საწინააღმდეგოდ ახალი შეზღუდვები შემოდის. კერძოდ: შემომწირველი არ შეიძლება იყოს ის იურიდიული პირი, რომელსაც წინა კალენდარული წლის ან საარჩევნო წლის კენჭისყრის დღემდე, ფაქტობრივი შემოსავლების 15%-ზე მეტი მიღებული აქვს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვებით. ასევე, შემომწირველი არ შეიძლება იყოს ის იურიდიული პირი, რომლის პარტნიორი სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოა. (თუნდაც 1 % წილობრივი მონაწილეობით).
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან 120 000 ლარს. მისივე თქმით, 4-დან 3%-მდე მცირდება საპარლამენტო არჩევნებში პარტიების დაფინანსების ბარიერი. ბიუჯეტიდან პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას აიღებს ის პარტია, რომელიც უკანასკნელ საპარლამენტო ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში გადალახავს 3%-იან ბარიერს.
ცვლილებების მიხედვით, პარტიას უფლება ეძლება ყოველ კალენდარულ წელს, თავისი საქმიანობის უზრუნველსაყოფად აიღოს კრედიტი ერთი მლნ. ლარის ოდენობით. ეს უფლება მას მხოლოდ არჩევნების წელს და ისიც მხოლოდ საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემდე წარმოეშობოდა. ორჯერ მცირდება პარტიის საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში დასაშვები ხარჯის საერთო ოდენობა. ის აღარ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1 %-ს.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, ქალების საჯარო პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით, პარტია მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატთა ყოველ ათეულში განსხვავებული სქესი წარმოდგენილი იქნება სულ მცირე 30%-ით.
გარკვეული ცვლილებები შეეხება აუდიტის სამსახურის საქმიანობასაც. კერძოდ, პარტიისთვის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის ჩატარებისთვის აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება ნებართვის მისაღებად მიმართოს სასამართლოს. ასევე, შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისათვის აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება მოიპოვოს სასამართლოს თანხმობა. ზუსტდება სასამართლო მექანიზმები აუდიტის სამსახურის მიერ უკანონო შემოწირულობის თუ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ოქმის დადასტურების საკითხებზე. პარტიების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული ხდება პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაცია თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. პარტიის მიერ დადებული გარიგების ბათილად ცნობის უფლება კვლავ უბრუნდება სასამართლოს კომპეტენციას.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის თავმჯდომარემ, ზაქარია ქუცნაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მცირდება საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული შემოწირულების/საწევრო შენატანის მიღება ან დამალვისათვის ჯარიმის არსებული ხუთმაგი ოდენობა ორმაგ ოდენობამდე. ასევე მცირდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი და კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის დადგენილი 5000 ლარიანი ჯარიმის ოდენობა - ფიზიკური პირისათვის 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისთვის 2000 ლარით.
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იზრდება საოლქო და საუბნო კომისიებში როგორც საინიციატივო ჯგუფის, ასევე პარტიების მიერ დანიშნული ორ-ორი წარმომადგენლის შრომის ანაზღაურების ოდენობა (73 ოლქი და 3700 უბანი). საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იმ კანდიდატს, ვინც მოიპოვებს მონაწილეთა 10%-ს და მეტ ხმებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული და დასაბუთებული ხარჯი 1 000 000(ერთი მილიონი) ლარის ოდენობით.
საარჩევნო კანონმდებლობაში ინიცირებული სიახლეების წარმოდგენის შემდეგ ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, ინტერფრაცქიული ჯგუფი მუშაობას მედია რეგულაციებზე გააგრძელებს.