საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისი ალტერნატიული წინადადება

მედია და საზოგადოება 01 აპრილი 2026
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისი ალტერნატიული წინადადება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აღნიშნული კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი ალტერნატიული წინადადება.

 

კანონპროექტით „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესი იცვლება.

 

კერძოდ, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის განისაზღვრება ძრავის მოცულობის 1 სმ³-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ³-ზე 4.5 ლარის ოდენობით.

 

ალტერნატიული წინადადება სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა ვიკა ფილფანმა წარადგინა.

 

მისი განცხადებით, 0-დან 10 წლამდე ასაკის ავტომობილების იმპორტისთვის მოქმედი სააქციზო განაკვეთი უნდა შენარჩუნდეს, ხოლო 4,5 ლარიანი ტარიფი გავრცელდეს მხოლოდ 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე.

 

კანონპროექტზე მომხსენებელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე არ დაეთანხმა ალტერნატიული წინადადების მიღებას. შესაბამისად, კომიტეტმა აღნიშნული წინადადება უარყო.

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.