საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მედია და საზოგადოება 08 ივნისი 2026
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რატიფიცირებისთვის წარდგენილ სასესხო შეთანხმებაში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N5 ცვლილების წერილ-შეთანხმებას“ მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილება 2026 წლის 2 აპრილს გაფორმდა და ის სესხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევას შეეხება.

„აღნიშნული პროექტის დაფინანსებით განხორციელდა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და ბაკურციხე-წნორის გზის მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამ ეტაპისთვის ფოთის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც აღნიშნული ვადის გადაწევა გახდა საჭირო“, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

ცვლილება ითვალისწინებს სესხის დახურვის თარიღის 2026 წლის 31 დეკემბრამდე გადაწევას.