საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა

მედია და საზოგადოება 03 ივნისი 2025
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტთან დაკავშირებულ სასესხო შეთანხმებას მხარი დაუჭირა.


სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.


მისი განმარტებით, ეს არის ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების მშენებლობის პროექტი, რომელიც ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე იგეგმება.


„ერთი მხრივ, ეს პროექტი ემსახურება საქართველოს ენერგოსისტემის უსაფრთხოებას, რათა ნებისმიერი ავარიის დროს არ მოხდეს ძირითადი ქვესადგურების გათიშვა და მეორე მხრივ, ეს შესაძლებლობას გვაძლევს დამატებით დაახლოებით 750 მგვტ განახლებადი ენერგიის სადგურები დაერთდეს ქსელზე“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

სესხის მოცულობა შეადგენს 97,873,000 ევროს, რომლის ხანგრძლივობა 25 წელია.


პროექტის განხორციელებისთვის აღნიშნული სესხი (ლარში) სახელმწიფო ელექტროსისტემას გადაეცემა.


როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროექტიდან მიღებული შემოსავლებით, ელექტროსისტემა სრულად დაფარავს როგორც თანხის ძირს ასევე, სესხის მომსახურების საფასურს.

სხდომაზე მხარი დაუჭირეს „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის საგრანტო შეთანხმების“ N1 ცვლილებას.


მომხსენებლის, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განმარტებით, საქართველოს მთავრობასა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (NEFCO) შორის ჩარჩო შეთანხმებას 2014 წლის 25 თებერვალს მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის 4 მაისს გაფორმდა საგრანტო შეთანხმება „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ დასაფინანსებლად.


პროექტის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში სწავლის პირობების გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის სოციალური პლატფორმის განვითარება. მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 6,5 მლნ ევროს, საიდანაც გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან (E5P) გამოყოფილია 2,6 მლნ ევრო გრანტის სახით. პროექტის დასრულების თარიღად გათვალისწინებული იყო 2025 წლის 4 მაისი.


შეთანხმებაში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს გრანტის თანხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევას 2027 წლის 31 დეკემბრამდე.