
პარლამენტმა 83 ხმით, 8-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილება. კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან - ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებს 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს.
კანონის ამოქმედებიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე - პრეზიდენტის და სხვა წევრები.
კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, რამინა (რიმა) ბერაძე და ანტონ ობოლაშვილი.