საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

მედია და საზოგადოება 24 აპრილი 2023
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.


სესიის ფარგლებში, 25-27 აპრილს იმართება დებატები ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სამიტთან დაკავშირებით, რომელიც მაისში, რეიკიავიკში იგეგმება და სადაც შეფასდება რუსეთის ომი უკრაინაში და მისი გავლენა ევროპის კონტინენტზე.


ასევე, გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.


​ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნსა და ედიტა ესტრელას შეხვდება.


საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები სამუშაო შეხვედრებს გამართავენ პარტნიორებთან სხვადასხვა კომიტეტებში.


„ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რომ კოლეგებს ვესაუბროთ აქტუალურ თემებზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, თორმეტ პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე. ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რჩება ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა დასრულდეს მუშაობა, - ეს არის დეოლიგარქიზაციის და სასამართლო რეფორმის თემები. ამ ყველაფერზეც მივაწვდით კოლეგებს ინფორმაციას. გვექნება შეხვედრა ორივე მომხსენებელთან და ვიმსჯელებთ თუ როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში. მათთან ერთად განვიხილავთ იმ ანგარიშსაც, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ცოტა ხნის წინ. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები და ჩვენს მოსაზრებებს ორივე მომხსენებელს გავუზიარებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.


​საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ირაკლი ჩიქოვანი ხელმძღვანელობს და მასთან ერთად სესიაში მონაწილეობენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, დეპუტატები ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და „ხალხის ძალის“ წევრი დეპუტატი ეკა სეფაშვილი.