საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაში (COSAP) მიიღო მონაწილეობა, რომელიც 4-5 ივნისს, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ სტრუგაში გაიმართა. კონფერენციის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტი იყო.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე.
საპარლამენტთაშორისო სხდომა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარემ
აფრიმ გაშიმ გახსნა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების განვითარების, ენერგოუსაფრთხოებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესების შესახებ არსებული გეოპოლიტიკური გარემოს კონტექსტში.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა თორნიკე ფაღავამ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე. მან ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მნიშვნელობა აქვს როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის.
მომხსენებელმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ჩაკვეტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე ევროპის უსაფრთხოების, ენერგეტიკული და სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში. მისი თქმით, საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ხიდი, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების განვითარებაში.
მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონისა და სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. ასევე ისეთი პროექტების როლზე, როგორიცაა შუა დერეფანი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროსადენი, რომლებიც ხელს უწყობენ ევროპასა და რეგიონს შორის კავშირების გაღრმავებას და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. გიორგი ჩაკვეტაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მხრიდან ორმაგი სტანდატების გატარება და საქართველოს მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება შემაშფოთებელია.
COSAP წარმოადგენს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე თანამშრომლობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო პლატფორმას. ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობის ფარგლებში, კონფერენციაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს და თურქეთის პარლამენტების წარმომადგენლები.