
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში, სადაც განიხილებოდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის გამოწვევები.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართა კომიტეტის წევრებს, სადაც ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს ძალისხმევაზე დასავლეთის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების დაცვის მიმართულებით.
თავის გამოსვლაში გივი მიქანაძემ აღნიშნა ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად საქართველოს გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც უფრო მეტად დასაფასებელია ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციის და ფართო რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.
გივი მიქანაძემ ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს წარუდგინა რამდენიმე ცვლილება, რომლებიც ეხება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებებს.