საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ქუთაისში გამართულ მთავრობის გასვლით სხდომას დაესწრო

მედია და საზოგადოება 21 სექტემბერი 2007
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ქუთაისში გამართულ მთავრობის გასვლით სხდომას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ქუთაისში გამართულ მთავრობის გასვლით სხდომას დაესწრო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა.
მთავრობის სხდომაზე  შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს ზემო აფხაზეთში, 20 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა  დეტალურად მიმოიხილა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტირებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები, სხდომაზე ყურადღება გაამახვილეს ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე, რომლისთვისაც 30 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტის დასრულება 2009 წლისთვის არის დაგეგმილი და მის მიხედვით მოხდება სამი ძირითადი სათაო ნაგებობის რეაბილიტაცია, აღდგება 13 კილომეტრიანი მაგისტრალური წყალმდენები და რეზერვუარები, ქსელში შეიცვლება 40 კმ–იანი სიგრძის მილი და მოხდება აბონენტთა სრული გამრიცხველიანება. როგორც სხდომაზე აღინიშნა წყალმომარაგების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება არ გამოიწვევს წყლის ტარიფის ზრდას.
სხდომაზე განიხილეს ქუთაისის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული საკითხები. ისტორიული უბნის კეთილმოწყობის გარდა აღდგება თეთრი ხიდი და ქალაქის ცენტრში ეთნოგრაფიული მუზეუმი აშენდება. იგეგმება სამუშაოების დაწყება ყუმისთავისა და სათაფლიის მღვიმეებში.
 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის სამომავლო პერსპექტივაზე ვრცლად ისაუბრა.
"ქუთაისს ეს პროექტი იმ იერსახეს დაუბრუნებს, რომელიც მას თავისი განვითარების საუკეთესო პერიოდში ჰქონდა. მოხარული ვარ, რომ აღმშენებლობა არა მხოლოდ ქუთაისს, არამედ მთლიანად იმერეთის რეგიონს მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განხორციელებით მრავალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.
ვიმედოვნებ, რომ მომავალში შესაძლებელი გახდება ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან მსოფლიო დონის ფესტივალის გამართვა, რომლის რესურსიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად გააჩნია," – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.