
ფრანკოფონიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეა სპეციალური რეზოლუციით რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს ეხმაურება და მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოთა შესაბამის ორგანოებს, განსაკუთრებით ფრანკოფონიის წევრ სახელმწიფოებსა და მთავრობებს, ყველა საჭირო ზომას მიმართონ, რათა სრულიად იქნეს შესრულებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება; დაუყოვნებლივ აღდგეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ გაეროსა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიები და გაფართოვდეს ევროკავშირის მონიტორინგის მისია. ასევე შემუშავდეს ახალი საერთაშორისო სამშვიდობო მანდატი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 35 სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა გააცნო, რომელიც აღნიშნულ სესიაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა. მისივე განცხადებით, სესიის მსვლელობისას როგორც ფრანკოფონიის ქვეყნებს, ასევე აფრიკის სახელმწიფოებსაც სრული ინფორმაცია მიეწოდათ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით. "ფრანკოფონიის ქვეყნებმა თავისი რეზოლუციით საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი", - აღნიშნა ბრიფინგზე ჩიორა თაქთაქიშვილმა.