
საქართველო ევროპული ქარტიის იმ ექვს პუნქტზე მუშაობს, რომლებსაც 2004 წლის ოქტომბერში ვერ მიუერთდა. ამის შესახებ იმსჯელეს დღეს პარლამენტის წევრებმა: ზურაბ მელიქიშვილმა, ოთარ ხინიკაძემ და შოთა მალაშხიამ დღეს ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე.
რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ოთარ ხინიკაძის განმარტებით, ევროპული ქარტიის ხუთ პუნქტზე, რამდენიმეწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, კონსენსუსი მიღწეულია და შესაბამისად, დაწყებულია მათთან მიერთების პროცედურები, თუმცა ჯერ კიდევ ღიად რჩება ერთი, მეათე მუხლის მესამე პუნქტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალიტეტების სხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტებთან ურთერთობას და ეკონომიკური ხელშეკრულებების გაფორმებას ეხება. "დღეს ამ პუნქტს ვერ ვუერთდებით, რადგან ჩვენი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, რაც გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს", – განაცხადა ოთარ ხინიკაძემ. მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს.
სტუმრების განმარტებით, ევროსაბჭო აღნიშნულ საკითხს, შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად, საქართველოს თაობაზე წლიურ მოხსენებაში შეიტანს.