საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის წევრმა ფრიდონ საყვარელიძემ უნგრეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 17 Nov 2015
საქართველოს პარლამენტის წევრმა ფრიდონ საყვარელიძემ უნგრეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა

16-17 ნოემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა ფრიდონ საყვარელიძემ სამუშაო შეხვედრები გამართა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართველი კანონმდებელი უნგრეთის პარლამენტის ვიცესპიკერ შანდორ ლეჟაკს შეხვდა, რომელიც უნგრეთის პარლამენტში განათლებისა და კულტურის საკითხებს კურირებს. შეხვედრაზე, რომელსაც უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა კანდელაკიც ესწრებოდა, ლეჟაკმა უნგრეთის პარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კულტურისა და განათლების მიმართულებით სამომავლო ურთიერთობების გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, უნგრეთის ქალაქ ლაკიტელეკის სახალხო სკოლაში, რომელიც მისი პატრონაჟით ფუნქციონირებს, დაგეგმილია მთელი რიგი კულტურული ღონისძიებების ჩატარება. კერძოდ, ქართული კულტურისა და ენის პროპაგანდა, ქართველი მწერლების ვიზიტების ორგანიზება და ა.შ. ვიცესპიკერმა ქართულ მხარეს უნგრეთში ქართული კულტურურის დღეების ორგანიზების საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქალაქ კიშკუნფელედჰაზას ბიბლიოთეკას შორის.

ვიზიტის ფარგლებში ფრიდონ საყვარელიძემ შეხვედრა უნგრეთის საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორ, მარკოია სილარდთან გამართა. შეხვედრა ორ საპარლამენტო ბიბლიოთეკას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას დაეთმო.