საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზურაბ აბაშიძე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, 11-14 ოქტომბერს ქ. დუბროვნიკში (ხორვატია), ნატო-ს საპარალმენტო ასამბლეის რიგით 59-ე საშემოდგომო სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
დუბროვნიკის სხდომას დაესწრებიან ნატო-ს 28 ქვეყნის 340-მდე პარლამენტარი და ასევე ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპული ქვეყნების დელეგაციები. სხდომის მსველობისას, დელეგაციის წევრები განიხილავენ ისეთ თემებს, რომლებიც ეხება ბალკანეთს, ავღანეთსა და მათ შორის, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროგრესს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ბერძენიშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბარამიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს.