საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია 

პლენარული სხდომები 23 ივნისი 2026
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია 

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატებს კენჭი უყარა.


პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ღია კონკურსის შედეგად რამდენიმე კანდიდატი გამოვლინდა, რომლებიც შესაბამისმა კომისიამ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას წარუდგინა.


აღნიშნული კანდიდატებიდან პოლიტიკურმა ჯგუფმა „ხალხის ძალამ“ - ერთი, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ – სამი, ხოლო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ – ერთი კანდიდატი დაასახელა.


კენჭისყრის შედეგად, პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს წევრებად - მეურვეებად პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ კანდიდატი დავით ქართველიშვილი 83 ხმით და ფრაქცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გრიგოლ მურღულია 82 ხმით 4-ის წინააღმდეგ აირჩია.   


ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარდგენილმა კანდიდატებმა - თეა გეგენავამ, ელისო გაბადაძემ და  თეიმურაზ კეკელიძემ სამეურვეო საბჭოს წევრებად - მეურვეებად არჩევისთვის საკმარისი  ხმები ვერ მიიღეს.


შესაბამისად, წარმოდგენილ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა სამეურვეო საბჭოს ორი წევრი აირჩია, ფრაქციას „საქართველოსთვის“ კი, კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებლობა ექნება მისთვის სასურველი კანდიდატი დაასახელოს.