საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა

პლენარული სხდომები 27 ივნისი 2025
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოხსენებით წარდგა. 

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მთავრობის ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილა და იმ შედეგებზე ისაუბრა, რომელსაც  ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ  აღნიშნა, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა, მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი 8.8%-ს შეადგენს, რაც მიანიშნებს, რომ წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება.


მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველო ევროპასა და ფართო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც გასული წლის ბოლოს 13.9%-ს შეადგენდა. მისივე თქმით, 2022-2024 წლებში  185 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ეკონომიკის მასტიმულირებელ ფაქტორებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება ტურიზმის განვითარებაზე და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე გაამახვილა.

„შარშან, ჩვენ ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, 2024-25 წლებში გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით. 2025-28 წლებში, 300-ზე მეტი სასტუმრო დაგვემატება არსებული გეგმისა და პროექტების შესაბამისად, 38 000-ზე მეტი ადგილით. მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია  ორი მლრდ ლარია. აეროპორტების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი – 7 425 000 მგზავრს მოემსახურა ჩვენი სამი აეროპორტი გასულ წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენამდეც არ გვქონია ჩვენ არასდროს ასეთი მაჩვენებელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება ენერგეტიკის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გაზიფიკაციის ქსელის და ავტობანების მშენებლობაზე გაამახვილა.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაა. ეს არის ჩვენი ისტორიული ფუნქცია. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთთან ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, გამოვიყენოთ და ამას ემსახურება ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიც არის ავტომაგისტრალების მშენებლობა, რკინიგზის განვითარება, საზღვაო პორტების განვითარება, აეროპორტების მშენებლობა. ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას. რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, მისი მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წელს დასრულდება, თუმცა ტემპების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ბევრად უფრო მოკლე ვადებშიც არის შესაძლებელი პირველი ფაზის დასრულება. ჯამურად პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი  წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქვეყნის რეგიონულ განვითარებაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკე სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბების მნიშვნელობა აღნიშნა. მანვე დეცენტრალიზაციის და მუნიციპალიტეტების განვითარების საკითხებზე ისაუბრა. 

„ქვეყნის 100-ზე მეტ დასახლებაში  სამ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, 24-საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი 31 ქალაქი. 2026 წელს ამას დაემატება 14 ქალაქი, 2027 წელს სამი ქალაქი და საბოლოო ჯამში, წყალმომარაგებით ისარგებლებს უკლებლივ ყველა ქალაქი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამას -  საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აიზომა 810 ათასი მიწის ნაკვეთი, აქედან დარეგისტრირდა 553 ათასი მიწის ნაკვეთი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარემოს დაცვის მიმართულებით უკვე განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება იგეგმება. 

„გარემოს დაცვის სფეროში გვაქვს კონკრეტული შედეგები. ქვეყნის მასშტაბით გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა. ასევე, უცხოელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება პროექტი მყინვარების შეფასება-შესწავლის მიმართულებით.  სხვადასხვა მიმართულებით  ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 2 120 ჰა ფართოებზე განხორციელდა. ტყის აღრიცხვის სამუშაოები კი 124 000 ჰა ფართობზე ჩატარდა, 2025-2026 წლებში დაგეგმილია სამუშაოები 126 000-ს ჰექტარზე მეტ ფართობზე. მინდა, განვაცხადო, რომ უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურებულია მუშაობა. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, რომელიც დაგვეხმარა ნორმატიული ბაზის გამკაცრებაში ამ მიმართულებით. მაქსიმალურად მკაცრი ზომები იქნება მიღებული ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ, რადგან ეს ერთ-ერთი ძალიან მძიმე დანაშაულია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო ჯანდაცვის და ზოგადად ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა. 

„2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად. მანამდე ეს იყო პრაქტიკულად მიტოვებული სფერო, ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი. თავისთავად უკვე სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი ხელისუფლება ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას. 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში. შესაბამისად, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ შემცირდა 73%-დან 41%-მდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაოები უკვე დასრულდა 110 სკოლაში, ხოლო ამჟამად, 296 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე იწყება 22 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია და 4 ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა.


მისივე თქმით, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის 563 მილიონი ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებში 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება.

„რაც შეეხება კულტურის სფეროს,  თითქმის გაორმაგდა კულტურის ბიუჯეტი. 27 მლნ ლარიდან 49 მლნ ლარამდე გაიზარდა კულტურის სფეროს დაფინანსება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფინანსდა 470 სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, 100 პროექტი განხორციელდა 16 სხვადასხვა ქვეყანაში, ჩატარდა 194 გამოფენა და კულტურული ღონისძიება, განხორციელდა 70 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია. ზოგადად, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია ფუნდამენტურად გადაიხედოს კულტურის განვითარების მიმართულებით ხედვა. ჩვენ გვჭირდება ქართული კინოს, თეატრის აღორძინება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ბოლო პერიოდში სპორტის სხვადასხვა სახეობებში, საერთაშორისო სპორტულ ტურნირებზე, ქართველი სპორტსმენების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ქართველ ძიუდოისტთა ნაკრებს გუნდური მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.


სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა  მუნიციპალიტეტებში სასკოლო სპორტული მოედნების მშენებლობასა და თბილისში დაგეგმილი ახალი სტადიონის მშენებლობაზე.

„ვმუშაობთ ახალი სტადიონის პროექტზე,  ეს იქნება 70 000-იან მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის და სხვა მაღალი დონის მატჩების მასპინძლობას. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა ფუნქციებითაც იქნება დატვირთული. მათ შორის, ქვეყანას არ აქვს ე.წ. საგამოფენო-საკონფერენციო ცენტრი და სტადიონი ამ ფუნქციასაც აიღებს თავის თავზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ასევე ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აშშ-სთან ურთიერთობა ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის. ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საელჩოების მიმართულებით. მათ შორის მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინიშნა აშშ-ში საქართველოს ელჩი. ვფიქრობთ, ეს ბოლოდროინდელი ცვლილებები, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს რაც შეეხება, აქ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები. უსამართლო მიდგომა არის ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, თუმცა, ჩვენ ვრჩებით მზაობის რეჟიმში, ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი - 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ამისთვის ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად 2030 წლისთვის. თუ იქნება სამართლიანი და ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში, ევროინტეგრაციას წინ ვერაფერი დაუდგება. ვართ მშვიდად, მოლოდინის რეჟიმში, პრაგმატულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, იმედია, რომ აქაც გადაიდგმება ჯანსაღი და სამართლიანი ნაბიჯები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხო და ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოური ძალების ჩარევის ფაქტებზე ისაუბრა.

„ჩვენ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოვიარეთ მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდებოდა სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგზე ძალადობრივ თავდასხმას, რომელიც განხორციელდა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში. ყველას გვახსოვს ძალიან მძიმე ხუთი დღე, როდესაც წინასწარ შემუშავებული გეგმით, კონკრეტული ძალადობრივი ჯგუფები დაუპირისპირდნენ სახელმწიფო ინტერესებს და სახელმწიფო სუვერენიტეტს. ეს ყველაფერი განხორციელდა გარე ჩარევის საფუძველზე, რაც იყო სრულიად თვალნათელი და სრულიად აშკარა. ჩვენ ვერავის ვერ მივცემდით სახელმწიფო სუვერენიტეტის და კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ უცხოელებს შეეძლოთ, გარედან დაეწერათ საქართველოსთვის კანონები. ასევე, ჩათვალეს, რომ სახელმწიფო დასუსტებულია და საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით შეძლებდნენ გარკვეული ქმედებების განხორციელებას.

„მახსოვს, როგორ გვკარნახობდნენ გარედან, ვინ უნდა დარჩენილიყო მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვინ – არა. ასეთი ფაქტებიც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა, შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ხელი გაერტყათ პოლიციელისთვის და ეს უნდა ყოფილიყო მისაღები მოვლენა. ჩათვალეს, რომ ვიღაცას შეიძლებოდა არ ეღიარებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, არ შემოსულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დაგვეწყო მოლაპარაკებები და ხელი უნდა მოგვეწერა თავსმოხვეულ ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე. ჩათვალეს, რომ დასუსტებული იყო ქვეყანა და ასე შეიძლებოდა მოჰქცეოდნენ ჩვენს სახელმწიფოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ჩვენ დღეს სრულიად ახალი რეალობა გვაქვს:  „არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის შიგნიდან და არც ქვეყნის გარედან“. 

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ხელისუფლების ორ ძირითად პრიორიტეტს სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. 

„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ქართული ოცნება - ეს არის ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სიღარიბის დაძლევის მიმართულებით ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ და საშუალოვადიან პერსპექტივაში მიზნის სრულად მიღწევის საშუალება გვექნება. ჩვენი ეროვნული ოცნება არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა ის ნაბიჯი იდგმება, რომელიც საბოლოო ჯამში, ამ ორი ქართული ოცნების ასრულებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით და გუნდური მუშაობით ყველა ეს მიზანი მიღწეული იქნება. გაგრძელდება ქვეყნის წინსვლა და განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენების შემდეგ, პროცედურები კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და გარკვეულ საკითხებზე დამატებითი განმარტებები გააკეთა.

​
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოხსენებას ესწრებოდნენ: მთავრობის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და საპატრიარქოს წარმომადგენლები.