
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში წარდგა.
„კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო ინსტიტუტების თითოეულმა წარმომადგენელმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ, ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მჭიდრო კოორდინაციას პრეზიდენტის ინსტიტუტს, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსს.
მისი თქმით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს საკუთარი სამშობლოს სიყვარული, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაფრთხილება, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემა.
2025 წლის შეჯამებისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასული წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა.
„უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური მიდგომების პარალელურად, ხისტ ძალას უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება საჯაროდ საუბრობდა, რეალური იყო.
„დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც გარე ძალებისგან მომდინარეობს მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოში და მთლიანად რეგიონში პროცესების ესკალაციას.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, საქართველომ უმძიმეს ზეწოლას გაუძლო, რაშიც, ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენმა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ხელისუფლების პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა.
„არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ეფექტიანად მოქმედების შემთხვევაში, შეგვიძლია, რომ საქართველო საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის საკვანძო ქვეყნად ვაქციოთ. ხელი შევუწყოთ აზიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურ ინტეგრაციას, განვიმტკიცოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ჰაბის სტატუსი და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან კავშირი კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ.
ამ თვალსაზრისით, 2025 წელს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აღვნიშნავ ჩემს ვიზიტებს სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში, რომლებიც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მეგობრული და საქმიანი შეხვედრები სერბეთში. ასევე, რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლე ხორვატიის პრეზიდენტს, რომელთანაც ნაყოფიერი შეხვედრა გავმართე“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე.
„ახალი არავისთვისაა, რომ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირთ შეგუება, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ისინი ჩვენს ქვეყანას თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად აღიქვამენ, რომლის ფარგლებშიც საქართველომ მათ მიერ დასახული კონკრეტული მიზნები უნდა შეასრულოს.
ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია სრული მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, რაც გამოიხატა „პარტნიორობის გზამკვლევის“ შეთავაზებაში, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ორივე ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, ჩვენი საზოგადოებისთვის აშკარა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას სულ სხვა გეგმა ჰქონდა.
„4 ოქტომბრის საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საგანგაშოა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, აღნიშნული ძალადობრივი აქტი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ფაქტობრივად, ღიად იყო წაქეზებული და მხარდაჭერილი გარე ძალების მიერ.
„ძალადობრივი რევოლუციის მეხუთე მცდელობის აღკვეთაში, ქართველ ხალხთან ერთად, განსაკუთრებული როლი სამართალდამცველებსა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებს მიუძღვით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისთვის!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ სტაბილურ კალაპოტში მოექცეს და ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებას საფრთხე აღარასდროს შეექმნას, აუცილებელია, პოლიტიკური ველის გაჯანსაღება.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის კვლავ უმთავრეს გამოწვევად ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია რჩება.
„ჩვენი გზავნილები მკაფიოა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებთან ერთად ერთიანი, ძლიერი, განვითარებული და მშვიდობიანი საქართველო ავაშენოთ. ჩვენი ნაბიჯები ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, არამედ რეალურად ვზრუნავთ მის უზრუნველყოფაზე, რაც ნდობის აღდგენისა და „ჩატეხილი ხიდების“ ხელახლა აგების გზაზე მნიშვნელოვან წინაპირობად შეიძლება გადაიქცეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე.
„გლობალურ დონეზე არსებული კრიზისული ვითარების ფონზე, სახელმწიფომ შეძლო ბიუჯეტის, ხელფასებისა და პენსიების ზრდის უზრუნველყოფა. არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით დასტურდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია.
არსებული მიღწევებისა და იმ პოზიტიური მოლოდინის პირობებში, რომელსაც, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტები ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით პროგნოზირებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შედეგები თანაბრად აისახოს ჩვენი მოსახლეობის თითოეული სოციალური ფენის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა, იმისთვის, რომ კეთილდღეობის ზრდა ყველა ოჯახმა, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი განათლების რეფორმასაც შეეხო.
„ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს.
სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა, რომელიც, როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების, ფაქტობრივად, მთლიანი სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საზოგადოების ერთიანობასა და ქვეყნის ცნობადობაზე ქართულ კულტურასა და სპორტს დიდი გავლენა აქვს.
„ფაქტია, კულტურა და სპორტი ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის, ხალხის ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის განსაზღვრის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, აღნიშნული სფეროების მაქსიმალურად ხელშეწყობა და განვითარება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, ქართულ ტრადიციებზე, იდენტობასა და კულტურაზე უმთავრესი გავლენა ქრისტიანულმა რელიგიამ იქონია.
„2026 წელს ჩვენი გაქრისტიანებიდან 1700 წელს აღვნიშნავთ. ეს უდიდესი ისტორიაა, რომელიც შეგვახსენებს, რომ სწორედ აქ, საქართველოში ჩამოყალიბებულმა ქრისტიანულმა ცივილიზაციამ უამრავ დამპყრობელს გაუძლო. ჩვენს ხალხს კი ყოველი მომდევნო განსაცდელის გადალახვის შემდეგ რწმენა უფრო და უფრო უმყარდებოდა.
საბედნიეროდ, დღეს ქართველი ერი ისევ მტკიცედ დგას და აგრძელებს იმ გრძელ გზას, რომელიც სათავეს 17 საუკუნის წინ იღებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს მიმდინარე აჩქარებული გეოპოლიტიკური გარდაქმნებისა და მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი, დაძაბული გარემოს ფონზე, საქართველო სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომლის ამოსავალი წერტილი სამშობლოზე ზრუნვა და დამოუკიდებლობის დაცვა უნდა გახდეს.
„დღესდღეობით ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ გლობალურ მშვიდობას, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების რისკები, შევინარჩუნოთ თავისუფლება, სტაბილური გარემო, უზრუნველვყოთ კეთილდღეობის ზრდა, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობს. ამის მიღწევა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ქართველი ხალხი ერთიანი იქნება. ჩვენ ვართ უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ერი, გამოვიარეთ მრავალი განსაცდელი, გვაქვს საერთო წარსული და ღირებულებები, ერთი ენა და ერთი ქვეყანა.
ქართველებს ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე - გასაყოფი.
ამიტომ უნდა შევძლოთ და გვერდით გადავდოთ ჭარბი ემოციები, მოვძებნოთ ის საკითხები, რომელთა გარშემოც შევძლებთ გაერთიანებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები გამოვიდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელი პირები, სასამართლო ხელისუფლების, დედაქალაქის მერიის, საკრებულოს და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.