
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკური თავისუფლების აქტი წარმოადგინა, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის შემუშავებული ღონისძიებებია გაწერილი.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური თავისუფლების აქტი კონსტიტუციურ კანონპროექტებს წარმოადგენს და მისი მთავარი ფასეულობრივი საფუძვლები თავისუფლება, შესაძლებლობათა თანასწორობა და ღირსებაა.
,,თავისუფლება – გამოხატული მთავრობის მცირე ზომაში, დაბალ გადასახადებში, სახელმწიფო ჩარევისა და ბიუროკრატიული დისკრეციისაგან მეწარმის და მოქალაქის მაქსიმალურ თავისუფლებაში; შესაძლებლობები ყველასათვის – ხელშეწყობილი თავისუფალი ეკონომიკით და გამჭვირვალე მმართველობით, ამასთან, გაზრდილი სოციალური მობილურობის საშუალებით ხელმისაწვდომი განათლება, გულმოდგინე შრომა და წესებით თამაში; ღირსება – სახელმწიფო დახმარების სამართლიანი გავრცელება მათზე, ვისაც არ შეუძლია მინიჭებული შესაძლებლობების გამოყენება ისე, რომ თავის რჩენის უნარს მოკლებულ მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ საშუალება იცხოვრონ ღირსეული ცხოვრებით.“
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ეს სამი ფასეულობა არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება მოქალაქეს და მეწარმეს და სწორედ ეს ფასეულობებია ხელისუფლების ლიბერალური ეკონომიკური ხედვის ქვაკუთხედი.
მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური თავისუფლების აქტის პრინციპებიდან გამომდინარე შემდეგი ინიციატივა გაახმოვანა: ,,თავისუფლების აქტი, პირველ რიგში კონსტიტუციურად დაიცავს მკაცრ და გამჭვირვალე წესებს, რომელიც შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას – გადაუხვიოს დინამიური ეკონომიკური მმართველობიდან;
კონსტიტუციურად განისაზღვრება, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ იქნება 30%-ზე მეტი; ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან დაფიქსირდება არა უმეტეს 3%-სა, ხოლო მთლიანი სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან - არა უმეტეს 60%-სა“.
პრეზიდენტის განცხადებით, უკვე 12 წელია საქართელოში შეუზღუდავია მიღებული შემოსავლების და კაპიტალის რეპატრიაციის უფლება. ამის მეშვეობით კი, სარგებელს ნახულობს ბევრი მოქალაქე და ბიზნესი, ხელი ეწყობა დასაქმების განვითარებას. მისი თქმით, ეკონომიკური თავისუფლების აქტი ამ მნიშვნელოვან პოლიტიკას ასახავს კანონში, რათა მომავალში აცილებული იქნას ამ პოლიტიკის შეცვლა.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფლების აქტი ითვალისწინებს უკვე დადგენილი ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის გაზრდის აკრძალვას.
ასევე, ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნას, უკვე არსებულის გარდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფინანსური მომსახურება, კომუნიკაციები და ენერგეტიკა.
თავისუფლების აქტით სახელმწიფოს აეკრძალება კომერციული ბანკების წილის ფლობა და ნებისმიერი სახის პროდუქციასა თუ მომსახურებაზე ფასის დაწესება.
მიხეილ სააკშვილის განცხადებით, ამ ნაბიჯით საქართველოში მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი ფასების დადგენის თავისუფლება.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში მიღწეულია გარკვეული ეკონომიკური ზრდა, მოსახლეობის მეოთხედი კვლავ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რჩება და საზოგადოების ამ ნაწილის მდგომარეობა სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავია: ,,მე ვერ ვიქნები კმაყოფილი ვერანაირი ეკონომიკური წარმატებით, სანამ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დარჩენილი ფენა ასეთი მასშტაბისაა ქვეყანაში. სახელმწიფო ბიუჯეტის 30%-მდე მივმართავთ სოციალურ უზრუნველყოფასა და პენსიებზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე. თავისუფლების აქტი შემდგომში განავითარებს ბიუჯეტის “სოციალურ” ნაწილს მიზნობრიობის შეფასების შედეგად შემუშავებული სახელმწიფო დახმარების გაფართოებისათვის“.
,,ჩვენ ვამაყობთ ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკის წარმატებით, რომლის შედეგადაც ღარიბებისათვის გაიცემა ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერები, რომლითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერ კერძო სადაზღვევო კომპანიაში, ხოლო მშობლებს თავიანთი სურვილის მიხედვით, შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ სახელწიფო სკოლის ვაუჩერები ნებისმიერ, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში. თავისუფლების აქტი გაამყარებს იდეას, რომ ბიუჯეტის სახსრები უნდა იქნენ გამოყენებული ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცენ საშუალება, სადაც შესაძლებელია, თავად გააკეთონ არჩევანი, და არ იქნან მიმართული მომსახურების სახელმწიფო მიმწოდებლის პირდაპირი დაფინანსებისათვის. ანუ, დავაფინანსოთ არა ინსტიტუტები და ორგანიზაციები, სადაც პაციენტი იძულებული იქნება არჩევანის გარეშე მივიდეს, არამედ დავაფინანსოთ ადამიანები,ვისაც ეს დაფინანსება ეკუთვნის და ყველაზე მეტად სჭირდება და მათ დავუტოვოთ არჩევანის დაფინანსება. ხოლო ინსტიტუტები დაფინანსდებიან ამ ადამიანების არჩევანის მოგებით.“
პრეზიდენტის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც თავისუფლების აქტი ითვალისწინებს არის ის, რომ ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთების გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით, მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით: ,,დაბალი და მარტივი გადასახადები ჩვენი დიდი მონაპოვარია, რაც ქვეყანაში იზიდავს ინვესტიციებს, აჩენს სამუშაო ადგილებს, ხალხსა და ბიზნესს უტოვებს უფრო მეტ ფულს. ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ეს პოლიტიკა უცვლელი იყოს ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების მიუხედავად. გადასახადის გაზრდის ან ახალის დაწესების უფლება სახელმწიფოს მიერ არ უნდა იქნას გამოყენებული ხალხის თანხმობის გარეშე“,–განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი თავისთავად მეტად ამბიციურია, რომელიც საქართველოს გადააქცევს ქვეყნად, სადაც უმაღლესი კანონითაა დაცული ლიბერალური ეკონომიკური კურსის შეუქცევადობა: ,,ამ აქტის მიღების შემდეგ საქართველო გადაიქცევა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად კანონმდებლობისა და კონსტიტუციის მიერ ეკონომიკის ლიბერალიზმის დაცულობის კუთხით“. მისი თქმით, ეს აქტი საქართველოს მისცემს საშუალებას, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისათვის. შესაბამისად, ამ გზით შეიქმნას დასაქმების ახალი საშუალებები. ,,საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ჩვენი ძალისხმევა იქითკენ უნდა იქნას მიმართული, რომ ჩვენი პოლიტიკით კი არ ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში, არამედ უფრო გავხსნათ ეკონომიკა და შევეცადოთ, რომ გავხდეთ უფრო კონკურენტუნარიანნი გლობალურ ბაზარზე“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა ვარდების რევოლუციის შემდგომ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებზე. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოში არის ეკონომიკური ზრდა და ქვეყანა სხვადასხვა რეიტინგებში მოწინავე პოზიციებზეა, ხელისუფლების მიერ გატარებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგია, ხოლო საქართელოში ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის ფუძემდებელი ილია ჭავჭავაძეა: ,,დღევანდელი სახელმწიოფოებრივი შეგნების ერთ-ერთი ფუძემდებელი ილია ჭავჭავაძეა. ჩვენ ყველანი აღვიზარდეთ ილიას შემოქმედებაზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ილია იყო პირველი ქართველი ლიბერტარიანელი თავისი ეკონომიკური ფილოსოფიით. ილია იყო პირველი ქართველი, ვინც ქადაგებდა თავისუფალ ვაჭრობას, გახსნილ ეკონომიკას, მთავრობის მცირე ჩარევას ეკონომიკაში და დაბალ, ლიბერალურ გადასახადებს.“
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში რევოლუცია 2003 წლიდან, ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო. ვარდების რევოლუცია კი ილიას გზაზე შედგომა იყო: ,,ვარდების რევოლუცია იყო და არის გზა ეკონომიკური ლიბერალიზმისკენ, მთავრობის მინიმალური ჩარევისკენ ეკონომიკაში და მაქსიმალურად გახსნილი ეკონომიკური და ბიზნეს გარემოსკენ. ამ გზიდენ ჩვენ აღარასოდეს აღარ უნდა გადავუხვიოთ“.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი არის საშუალება, რომ 6 წლის წინ დაწყებული ბრძოლა ლიბერალური და განვითარებული ეკონომიკისათვის იქცეს არა ფრაგმენტულ გამონათებად, არამედ სინათლის უწყვეტ სხივად, რომელსაც გაჰყვება ქვეყანა და რომელიც მიიყვანს თითოეულ ოჯახს კეთილდღეობამდე და ღირსეულ დასაქმებამდე.
მისი თქმით, მხოლოდ ის რევოლუციები დამთავრდნენ საბოლოო ისტორიული წარმატებით, რომელთაც მოახერხეს რევოლუციური იდეალების ინსტიტუციურ და ეკონომიკურ სისტემებად გარდასახვა დემოკრატიისა და თავისუფლების პირობებში. თავისუფლება კი პირველ რიგში გულისხმობს პასუხისმგებლობას.
,,ლიბერალური ეკონომიკის წარმატება ეფუძნება თითოეული მოქალაქის მიერ გაცნობიერებულ პასუხისმგებლობას, მონდომებას და შრომისმოყვარეობას“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გარდა ეკონომიკისა, თავისუფლების აქტს და საერთოდ ლიბერალურ ეკონომიკურ კურსს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, განსაკუთრებით ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში: ,,ერთ-ერთი უმთავრესი გარემოება, რაც განაპირობებს ჩვენს სწრაფვას რუსეთისაგან თავისუფლებისაკენ არის არა მარტო ფიზიკური დამოუკიდებლობა, არამედ თავისუფლება იმ ცხოვრების წესისა და იმ აზროვნებისგან, რომელსაც ეფუძნება ჩვენთან დაპირისპირებული იმპერია“.