
|
ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგომა, რადგან მე მოვდივარ აქ, როგორც არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში, არამედ მოვდივარ თქვენთან - საკუთარ თანამებრძოლთა და თანამოაზრეთა ძალზე მნიშვნელოვან და ძლიერ გუნდთან. ეს მოხსენება არ არის პრეზიდენტის ანგარიში მხოლოდ პარლამენტის წინაშე - ეს ჩვენი საერთო ანგარიშია ქართველი ერის წინაშე. აქ ჩვენ, ყველა ერთად, სწორედ ხალხმა მოგვიყვანა და ქართველმა ერმა სწორედ ამ შენობაში დაგვისახა სამოქმედო ამოცანები. ჩვენ, ყველამ ერთად, სწორედ აქ მივიღეთ ხალხისაგან დავალება და ანგარიშს მას ყოველ წელს აქედანვე ვაბარებთ. პარლამენტის მხარდაჭერისა და თქვენი ენერგიის გარეშე, პარლამენტის თავჯდომარის, კომიტეტების თავმჯდომარეების, თითოეული დეპუტატის მიერ გაწეული რეფორმატორული, უანგარო შრომის გარეშე, ქვეყნისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ვერც პრეზიდენტი შეძლებდა და ვერც მთავრობა. ამ წლებში ჩვენ შევქმენით ძლიერი საპარლამენტო ტრადიციები, რომელსაც საფუძველი ზურაბ ჟვანიამ ჩაუყარა და დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რეფორმატორული და მოწინავე პარლამენტი გვაქვს. ჩვენ ხალხმა დიდი ნდობა გამოგვიცხადა და უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა. მათგან მივიღეთ არა მარტო დიდი მხარდაჭერა, არამედ დიდი მოლოდინიც, რომ იმედებს გავუმართლებთ. ჩვენ ხალხისაგან მივიღეთ დავალება: შეგვეცვალა გაპარტახებული ქვეყანა, შეგვეჩერებინა ვარდნა, ფეხზე დაგვეყენებინა და შეგვექმნა თანაბარი პირობები განვითარებისთვის. ჩვენ დავალებად მივიღეთ:
ამ დავალებების შესასრულებლად საჭირო იყო ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება, ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში რადიკალური გარდაქმნები, მთავრობისა და პარლამენტის მობილიზებული, გააზრებული და ერთსულოვანი მუშაობა, სიბრძნე, მუშაობის სწრაფი ტემპი და გამძლე ნერვები. დღეს მე თქვენთან ერთად ვაბარებ ჩვენს ხალხს ანგარიშს და წელში გამართული ვდგავარ ტრიბუნასთან. ჩვენი დიდი საერთო ძალისხმევის და, რაც მთავარია, ხალხის მხარდაჭერისა და მონდომების შედეგად ეს დავალებები სრულდება! გაპარტახებული და წარუმატებლობის ჭაობში ჩაფლული ქვეყნის ნაცვლად ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი სახელმწიფოა. სტაგნაციაში გაყინული, მაჩანჩალა ქვეყნის ნაცვლად, ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელიც მსოფლიომ ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად აღიარა. თავიდან ბოლომდე კორუმპირებული ქვეყნის ნაცვლად, ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ტემპითა და შედეგით მთელი მსოფლიოს ლიდერია. იმ ქვეყანაში, რომელშიც ვცხოვრობდით, ყველაფერი - ქუჩა, ეზო, სკოლა, ინსტიტუტი, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება კრიმინალიზებული იყო. გაუგებარი იყო, დამნაშავისაგან უფრო უნდა დაგეცვა თავი თუ იმისგან, ვისაც დამნაშავისგან დაცვა თავად ევალებოდა. ახალ საქართველოში ეზოებში ბავშვები თამაშობენ, ქუჩებში პატრული ამყარებს წესრიგს, სკოლებსა და ინსტიტუტებში სწავლობენ, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებებში ხალხს ემსახურებიან. სამართალდამცველი სამართალს და ხალხს იცავს, ხოლო დამნაშავე საკუთარი თავის დაცვას მართლმსაჯულებისგან ცდილობს, თუმცა აღარ გამოსდის. იმ ქვეყანაში, რომელშიც ვცხოვრობდით, კანონმდებელი ქურდობდა, კანონს კი ქურდი წერდა. ჩვენ მიერ შექმნილ ახალ საქართველოში კანონმდებელი (თქვენი სახით) ხალხს და ქვეყანას ემსახურება, ხოლო ქურდი საიმედოდ ჩაკეტილ საკანში ზის და მთლიანადაა იზოლირებული საზოგადოებისაგან. ქურდული გაგების ქვეყნის ნაცვლად (სადაც მინისტრებიც და მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და მათი უნიათობით იძულებული უბრალო ადამიანებიც ქურდებთან არჩევდნენ საქმეს), ახლა ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელშიც ქურდული ინსტიტუტი ხერხემალშია გადატეხილი. ეს არის ანგარიშის პირველი პუნქტი. შარშან მე გთხოვეთ, რომ მიგეღოთ კანონი ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ დარბაზში მსხდომი ადამიანები ამბობდნენ, რომ რაც სტალინმა ვერ მოახერხა, პატარა საქართველოს პარლამენტი მით უფრო ვერ მოახერხებსო. თუმცა სკეპტიკოსების მოსაზრებათა საწინააღგმდეგოდ, ათეულობით კრიმინალური ავტორიტეტი იქნა გასამართლებული და იზოლირებული საზოგადოებისაგან. ეს მოხდა არა იარაღის ან ნარკოტიკის ჩაგდებით, არამედ კანონისა და პროცედურების დაცვით - ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს მენტალიტეტის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ჩაბნელებული (მრავალი მნიშვნელობით) ქვეყნის ნაცვლად, დღეს ვცხოვრობთ ახალ, განათებულ საქართველოში. დემორალიზებული, დაჩოქილი, ღირსებაშელახული და უიმედო ქვეყნის ნაცვლად, ახლა ვცხოვრობთ ახალ საქართველოში, რომელიც არის ამაყი და წელში გამართული, რომელშიც ხალხს დაუბრუნდა ეროვნული ღირსების განცდა და რომელიც ევროპის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ოპტიმიზმის ხარისხის მაჩვენებლის მიხედვით. ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც ცოდნას ფასი აღარ ჰქონდა, წარმატებას ის აღწევდა, ვისაც უფრო მეტი ახლობელი ჰყავდა ან მეტი ფული ჰქონდა; სადაც დიპლომი იყიდებოდა და განათლება, ძირითადად, ელიტისათვის ხელმისაწვდომი ფუფუნება იყო; სადაც უმაღლესში მოწყობა, როგორც წესი, ჩაწყობით ხდებოდა. უბრალო ადამიანს თითქმის არ ჰქონდა საშუალება საკუთარი შვილებისათვის განათლება მიეცა, ხოლო ცოდნის დაგროვების შემთხვევაში _ მისი გამოყენების საშუალება. დღეს ვცხოვრობთ სქართველოში, სადაც სწორედაც ცოდნა ფასდება, ხოლო კარგი დიპლომის საფასური მხოლოდ სწავლა და მონდომებაა. დღეს უმაღლესი განათლებისათვის სახელმწიფო დაფინანსებას ყველაზე ნიჭიერი და მონდომებული ახალგაზრდები მოიპოვებენ. ჩვენს უნივერსიტეტებში ირიცხებიან ყველაზე უბრალო ოჯახების შვილები, რომელთაც არასოდეს ექნებოდათ საშუალება ექირევებინათ რეპეტიტორები ან გადაეხადათ ქრთამი უმაღლეს სასწავლებელში მოსაწყობად. დღეს ჩვენთან არის თინათინ მახარაძე ოზურგეთიდან, რომელმაც დაამთავრა ოზურგეთის მე-2 სკოლა და შარშან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღო ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება - საუკეთესო ათეულში შევიდა, გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და მიიღო სრული სახელმწიფო დაფინანსება. მივესალმოთ ამ ნიჭიერ ახალგაზრდას! ჩვენი მიღწევების საფუძველი არის ხალხის თანადგომა და მხარდაჭერა ჩვენი რეფორმატორული კურსისადმი. ყველა სკეპტიკოსის პროგნოზის მიუხედავად, რევოლუციიდან ოთხი წლის შემდეგ ყველა გამოკითხვით გვაქვს ფენომენალური მხარდაჭერა, რომლისაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ლიდერებსაც კი შეშურდებოდათ. და ეს იმ პირობებში, როდესაც მუდმივად გვაკრიტიკებენ და მასმედიის საშუალებით მთავრობის შესახებ რაიმე კარგის თქმა ცუდ ტონადაც ითვლება. ჩვენი რეფორმების უმთავრესი მიზანია მივიღოთ უკეთესი შედეგი ჩვენი თითოეული მოქალაქისა და თითოეული ოჯახის სასარგებლოდ. ყველა რეფორმა, რომელ სფეროშიც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი, საბოლოოდ, მიზნად ისახავს ერთს _ გაუმჯობესდეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. არ არსებობს არაპოპულარული რეფორმები. საქართველო არის საუკეთესო ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება ხალხთან ერთად ყველაზე რთული რეფორმების განხორციელება. ჩვენი ხალხი ასჯერ უფრო ბრძენია, ვიდრე ზოგიერთი ის პოლიტიკოსი, რომელიც რეფორმების წინააღმდეგ გამოდის. ხალხი არც ერთხელ არ აყვა ამ რეფორმების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ:
ნახეთ როგორი სიცოცხლისუნარიანობა გამოიჩინა ქართველმა ხალხმა. შარშანდელი წელი იყო ძალიან დიდი გამოწვევების, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი გამარჯვებების წელი. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გაგვიკეთეს ყველაფერი, რის თაობაზეც გვემუქრებოდნენ 1992 წლიდან, მაგრამ არ გვისრულებდნენ. გევმუქრებოდნენ ბაზრის ჩაკეტვით, ბუნებრივი გაზის გაძვირებით; გვემუქრებოდნენ, რომ აღარ გვექნებოდა მოგზაურობის საშუალება, გაგვიმკაცრებდნენ სავიზო რეჟიმს, ან სულაც აღარ მოგვცემდნენ ვიზებს; რომ გამოყრიდნენ ჩვენი ოჯახების იმ წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და აღარ ექნებოდათ შემოსავალი. წლის განმავლობაში:
ალბათ ძნელია თანამედროვე მსოფლიოში მოვძებნოთ ანალოგები, როდესაც განვითარების გზაზე მდგარ ახალგაზრდა სახელმწიფოს, ერთი წლის განმავლობაში, ამდენად დიდი ეკონომიკური დარტყმები და ასეთი ურთულესი გამოწვევები მიეღო. ეს ჩამონათვალი ბევრი მძლავრი სახელმწიფოსათვის როგორც ეკონომიკური, ისე სრული პოლიტიკური კრახის მიზეზი გახდებოდა. მაგრამ საქართველომ და, უწინარეს ყოვლისა, ქართველმა ხალხმა, მთელ მსოფლიოს დაანახა თავისი ძალა და ბრძოლისუნარიანობა, თავისი სისუფთავე და სიმტკიცე. ყველაფრის მიუხედავად, შარშანდელი წელი იყო დიდი ეკონომიკური წინსვლისა და შემობრუნების წელი. შარშანდელი წელი ჩვენ დავამთავრეთ ძალიან შთამბეჭდავი, თითქმის 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით. ბევრ ქვეყანას გაუჭირდებოდა ის, რაც ჩვენ შევძელით საგარეო ვაჭრობის შენარჩუნების მხრივ. ჩრდილოეთით ჩაკეტილი ვაჭრობის მიუხედავად, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 40 პროცენტით გაიზარდა და მან 2006 წელს თითქმის 5 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაგვიკეტეს მთავარი საექსპორტო ბაზარი, ექსპორტის ზრდამ 15 პროცენტს გადააჭარბა. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველომ დიდი წარმატებით ჩააბარა გამოცდა - შევძელით მთელი ჩვენი ეკონომიკის სწრაფი რეორიენტაცია რუსეთიდან დასავლეთის ბაზრებზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბაზრებზე გადაწყობა საკმაოდ ძნელია. პრაქტიკულად, საქართველომ მოახდინა სასწაული. პირველად დაიწყო ქართული ექსპორტის დივერსიფიცირება და წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც საქართველოდან, ძირითადად, ჯართი და უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე გადიოდა. თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 40 პროცენტით, ხოლო ევროკავშირთან - დაახლოებით 45 პროცენტით; უკრაინასა და ყაზახეთთან თითქმის გაორმაგდა. სულ მალე თურქეთთან, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით ჩამოყალიბდა ჩვენს უმთავრეს სავაჭრო პარტნიორად, ხელს მოვაწერთ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ამით ბიზნესს შესაძლებლობების სრულიად ახალი, ძალიან დიდი სპექტრი გაუჩნდება. მოვიზიდავთ უფრო მეტ ინვესტიციას და აღმოვფხვრით სატარიფო ბარიერებს ქართული პროდუქციისათვის, რათა დავაჩქაროთ ახალი ბაზრების ათვისება. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენთვის ავისმოსურნეთა დიდი მცდელობის მიუხედავად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, წინა წლებთან შედარებით 2006 წელი იყო გამორჩეული - ყველაზე რთული, მაგრამ ყველაზე წარმატებული! ეს იყო გადამწყვეტი წელიწადი. ჩვენ წარმატებით დავიწყეთ ქართული სოფლის მეურნეობის რეორიენტაცია ახალ ბაზრებზე და სოფლის მეურნეობაში დიდ ინვესტიციებს გავუხსენით კარი. საქართველოში გაიხსნა და იხსნება ახალი საწარმოები სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. ჩვენ გვქონდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რთველი ისე, რომ საქართველოში გაუყიდავი ყურძენი აღარ დარჩა. ემბარგოს მიუხედავად, გაიზარდა უცხოური ინვესტიციები ღვინის სექტორში. 2006 წელს ქართული ღვინის წარმოებაში რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩაიდო, მათ შორის 12-მილიონიანი იტალიური, ესტონური და უკრაინული. ქართული ღვინის გაყიდვა დაიწყო თურქეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, გაიზარდა საექსპორტო მოცულობა ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე, განსაკუთრებით პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. როდესაც იაპონიაში მივფრინავდით, გზად შევჩერდით პეკინში, სადაც ყველაზე კარგ სასტუმროში ძალიან კარგი ხარისხის ღვინო იყიდებოდა. ასევე კიოტოშიც კიოტოს გუბერნატორს შევთავაზეთ ჩვენი ღვინო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას დაგემოვნებული ჰქონდა ქართული ღვინო, რომელიც იაპონიაში გაყიდვაშიც კია. თუმცა, გასული წლის რთველი უფრო მეტი იყო, ვიდრე ეკონომიკური გამოწვევა - შარშანდელი რთველი გადაიქცა ჩვენი ერის სიმტკიცის გამოცდად. გაჭირვების დროს მთელმა საქართველომ სოლიდარობისა და ერთსულოვნების, მობილიზაციისა და პრინციპულობის საოცარი მაგალითი აჩვენა მთელ მსოფლიოს. სწორედ ამ სოლიდარობის გამოხატულება იყო ის, რომ ქართულმა ბიზნესმა ფერმერების დახმარების მიზნით შეისყიდა 5757 ტონა ყურძენი. გასული წლიდან სახელმწიფომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაიწყო მასშტაბური ინვესტიციების ჩადება სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა ირიგაცია და მექანიზაცია. დაიხარჯა 67 მილიონი და 2007 წლის დამლევისათვის გასარწყავიანდება 171 ათასი ჰექტარზე მეტი ფართობი. შარშანდელი წელი იყო დიდი ინვესტიციების წელი. საქართველოს ეკონომიკა, თავისი ლიბერალიზმით, თავისუფალი და არაკორუფციული გარემოთი, მეწარმის წარმატებაზე ორიენტირებული საგადასახადო კოდექსითა და კარგი საინვესტიციო კლიმატით, უკვე იმდენად მიმზიდველია ინვესტორებისათვის, რომ გასულ წელს თითქმის სამჯერ გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. საქართველოში შარშანდელი წლის განმავლობაში ჩაიდო მილიარდ ასოცი მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ეს ნიშნავს ახალ საწარმოებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ხალხისთვის. ეს არის ყველაზე მყარი გარანტია სტაბილური და სწრაფი განვითარებისათვის. ეს არის ყველაზე ჭეშმარიტი დასტური იმისა, რომ საქართველო აბსოლუტურად სწორი გზით მიდის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ მთლიანად შეიცვალა ინვესტორთა შემადგენლობა და მთავარ ინვესტორ სახელმწიფოდ გადაიქცა ამერიკის შეერთებული შტატები, აგრეთვე ევროკავშირი. ესენი არიან ინსტიტუციური ინვესტორები, რომლებიც საკუთარ ფულს მყარი გარანტიის პირობებში დებენ. შარშანდელი წელი იყო ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისა და დასაქმების წელი. 2006 წელს ქვეყანაში დაფუძნდა 40 ათასზე მეტი ახალი კომპანია და ქვეყანაში მოქმედი კომპანიების რიცხვი 272 ათასამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს 2005 წელთან შედარებით მეტი ახალი კომპანია შეიქმნა და ნაკლები კომპანია გავიდა ბიზნესიდან, ხოლო 2003 წელთან შედარებით, შეიქმნა თითქმის სამჯერ მეტი ახალი კომპანია. შარშან, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში, ავამუშავეთ დასაქმების უმნიშვნელოვანესი პროგრამა. შედეგად, -სამუშაო ადგილებზე პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფესიული მომზადება გაიარა 42 000 ადამიანზე მეტმა, რაც 2006 წელს დასაქმებულთა 2,4 პროცენტია. პროგრამამ გამოიღო დადებითი შედეგები, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო 42 ათასზე მეტი ადამიანის კვალიფიკაციის ამაღლებას და მათ დროებით დასაქმებას. ხოლო მეორე მხრივ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, პროგრამის შედეგად შეიქმნა ახალი გრძელვადიანი სამუშაო ადგილები. წინასწარი შეფასებით (ამის კვლევა კვლავ მიმდინარეობს) 10 ათასამდე პროგრამის მონაწილემ მიიღო გრძელვადიანი სამსახური (მაგალითად, სახალხო ბანკმა ქვეყნის მასშტაბით ათასამდე ადამიანი დაასაქმა პროგრამის დასრულების შემდეგ). შარშანდელი წელი იყო წელი, როდესაც პირველი ქართული კომპანია - საქართველოს ბანკი გავიდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე. და თუ ცოტა ხნის წინათ, ქართული ეკონომიკა ვლადიკავკაზისა და ერგნეთის ბაზრობებზე -კეთდებოდა, ახლა მან ლონდონის საფონდო ბირჟაზე გადაინაცვლა. ესეც ჩვენი ქვეყნის ზრდის მაჩვენებელია. შარშანდელი წელი იყო ასევე დიდი გეოპოლიტიკური რევოლუციის დაწყების წელი. ახალი გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები - ნავთობსადენი, გაზსადენი, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, რომლებიც ხორციელდება და ზოგიერთს საფუძველი ჩაეყარა გასულ წელს, სრულიად ახალ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ რეალობას გვთავაზობს. გავიხსენოთ როგორი იყო პოსტსაბჭოთა სივრცე 1991 წლის შემდეგ. საბჭოთა კავშირი მისმა შემქმნელებმა საკმაოდ ცბიერად -დააპროექტეს. მაგალითად, საქართველოს ჰქონდა ჰიდროენერგორესურსები, მაგარამ ჰიდროენერგოსურსები საქართველოს ენერგობალანსის მხოლოდ მეხუთედი იყო, დანარჩენი გაზის რესურსი იყო, რათა ქვეყანა გაზის იმპორტზე ყოფილიყო დამოკიდებული. შუააზიაში კი, ჰიდროელექტროსადგურები მრავლად იყო, თუმცა ჩამრთველები ერთ რესპუბლიკაში იყო, ტურბინები მეორეში, ხოლო კაშხალი - მესამეში. ასე იყო რკინიგზასთან დაკავშირებითაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო აგებული, რომ ქვეყანა არასოდეს არ დაშლილიყო. შარშანდელი და წლევანდელი წელი გეოპოლიტიკის შემობრუნებისა და რევოლუციის წლები იყო. ჩვენი ქვეყნის ენერგო და ინფრასტრუქტურული დამოუკიდებლობა განსაკუთრებულს ხდის საქართველოს როლს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში. მთლიანად იცვლება რეგიონის ეკონომიკური გეოგრაფია. ჩვენ ვხსნით ახალ ენერგოხაზებს, ორი ნავთობსადენი და გაზსადენი ამუშავდა, ვსაუბრობთ ტრანსკასპიურ გაზსადენზე. ამ პროექტს დიდი მომავალი აქვს. ახალი რკინიგზის მშენებლობა, რომელიც შუააზიის გავლით ჩინეთს შეაერთებს ევროპასთან ბოსფორის სრუტის გვირაბის მეშვეობით, წელს დაიწყება, რასაც ხელი უკვე მოვაწერეთ. საქართველოს გზებზე გაიზარდა ტვირთბრუნვა, ვაფართოებთ ჩვენი პორტების შესაძლებლობას, ვაშენებთ ახალ აეროპორტებს, მთლიანად იცვლება ახალი ოპტიკური კაბელი შავი ზღვის ფსკერზე, იცვლება ელექტროენერგიის ბალანსი. ჩვენ ფული ჩავდეთ ქვეყნის ელექტროენერგეტიკაში. როდესაც ქარიშხალი იყო რუსეთის სამხრეთში და საქართველოს დასავლეთში, რის შედეგადაც რუსეთის ელექტროხაზები დაზიანდა, ჩვენმა ენერგოსისტემამ შეინარჩუნა მდგრადობა. რუსეთმა პირველად დაუშვა პრეცენდენტი და საქართველოს დაუკითხავად ენგურიდან გაიტანა ელექტროენერგია. ჩვენ რა თქმა უნდა მათ ანგარიშს წარუდგენთ, მაგრამ ჩვენი პირველი უარყოფითი რეაქცია იყო ის, რომ მან კომერციული ურთიერთობისა და ეთიკის ნორმები დაარღვია. თუმცა, როდესაც დავფიქრდი, მივხვდი, რომ რუსეთის ჩვენგან აქამდე არაფერი არ სჭირდებოდა, ახლა კი ჩვენც გავხდით მათთვის საჭირო, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. რაც ყველაზე მთავარია, ამ ახალ ფორმაციაში საქართველო აღარ არის მხოლოდ დერეფანი, მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა. გაცილებით დიდია მისი პერსპექტიული როლი - როგორც ეკონომიკური და საფინანსო ცენტრისა, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შემაკავშირებლისა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი - გახდეს რეგიონის ქვეყნების მთავარი ეკონომიკური პარტნიორი და ჩვენ ვისწრაფვით ამისაკენ. საამისოდ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი და ეს არც ნავთობია და არც რაიმე სხვა წიაღისეული. ჩვენი უმთავრესი რესურსი არის არაკორუმპირებულობა, ეკონომიკის ლიბერალიზმი, თავისუფალი გარემო, კარგი ბიზნესგარემო, მოსახერხებელი ეკონომიკური ლოკაცია, მნიშვნელოვანი ინფრასტუქტურული ჰაბის ფუნქცია. საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. მთელი წარმოება დასავლეთ ევროპიდან მოდის ახლო აღმოსავლეთში და მათი მთავარი პარტნიორი ჩინეთი და აზიის სხვა ქვეყნებია, ყველაზე მოკლე გზა კი შავ ზღვაზე, კერძოდ, საქართველოს პორტებზე გადის. საქართველოს აქვს არაკორუმპირებული მოქნილი გარემო, რომელიც საშუალებას აძლევს ყველას ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს, როგორც მთავარი საოპერაციო პლაცდარმი. საქართველო შეასრულებს იგივე როლს, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში ასრულებს დუბაი, ხოლო აზიაში ასრულებდა სინგაპური. ჩვენ უკვე გავამარტივეთ ბიზნესოპერაციები და ამოვქოლეთ კორუფციის ხვრელები. უნარი შევქმნათ ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემო, ჩვენი მთავარი ეკონომიკური რესურსია. ეს არის პოტენციალი, რომლის გამოყენების შესაძლებლობა ბევრ ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენი ამოცანაა, რომ მოვახდინოთ ამ რესურსების მაქსიმალური კაპიტალიზაცია და ახალ გეოპოლიტიკაში დავიმკვიდროთ ჩვენი ცენტრალური ადგილი. შარშანდელი წელი იყო კრიმინალთან და კორუფციასთან დიდი და, რაც მთავარია, წარმატებული ბრძოლის წელი. დიდი წარმატებები გვაქვს დამნაშავეობასთან ბრძოლაში ყველა მიმართულებით. საქართველოში რეალურად შემცირდა დანაშაული. ადამიანებს აღარ ეშინიათ ოჯახის წევრის გარეთ გაშვება, მანქანის ქუჩაში გაჩერება. ყოველივე ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ ერთად გამოვაცხადეთ ლოზუნგი -ნულოვანი მოთმენა ყველანაირი დანაშაულის მიმართ. ამ ლოზუნგმა ბევრი გააღიზიანა. ამის შემდეგ, ციხეებში რამდენიმე ათასით გაიზარდა პატიმართა რაოდენობა, რაც ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. თუმცა ციხეებში უკეთესი პირობები უნდა შევქმნათ. მთავარი ცვლილება არის ის, რომ საქართველოს პირველად ჰყავს პოლიცია, რომელიც რეალურად დგას ხალხის სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის ლანძღვა ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ უხარია ქვეყანაში წესრიგის დამყარება. საქართველოს შეუძლია დაიკვეხნოს როგორც დანაშაულის კლების, ისე მისი გახსნის ზრდის მკვეთრი დინამიკით. საქართველოს ჰყავს პოლიცია, რომელსაც ენდობიან და რომლის იმედიც აქვთ. საერთაშორისო არასამთავრობო ინსტიტუტების ბოლო კვლევების თანახმად საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობა ეკლესიას, არმიას, მედიასა და პოლიციას. ამავე კვლევების მიხედვით, ჩვენი მოსახლეობა ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს წარმატებად მიიჩნევს კრიმინალის დამარცხებას, ხაზგასმით აღვნიშნავ, არა ბრძოლას დამნაშავეობის წინაააღმდეგ, არამედ მის დამარცხებას. ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი ხალხია და ხალხის აზრი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კრიმინალს ეხება, ნებისმიერ სტატისტიკაზე უფრო ზუსტი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. ჩვენი ქვეყნის საამაყოდ უნდა ვთქვათ _ ამავე კვლევით ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობის 97 პროცენტს გასული 12 თვის განმავლობაში არც ერთხელ არ გადაუხდია ქრთამი! დიახ, ეს ის საქართველოა, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინათ ყველაფერი ქრთამსა და კორუფციაზე იყო აგებული. ეს შედეგი არ დამდგარა თავისით, ეს შედეგი მიიღწევა კორუფციისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ მხოლოდ ნამდვილი ბრძოლით, მუდმივი თვითწმენდის პროცესით. ეს მთელი ჩვენი მთავრობისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი უდიდესი ღირსებაა, დამნაშავეების სისტემატური გამოვლენა-მხილებით და, რაც ყველაზე მთავარია, თავდადებული და პატიოსანი სამართალდამცველების თავდაუზოგავ |