საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადის პარლამენტსა და სენატში მაღალი დონის შეხვედრები გამართა

მედია და საზოგადოება 02 ივნისი 2026
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადის პარლამენტსა და სენატში მაღალი დონის შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები კანადის პარლამენტისა და სენატის კომიტეტების ხელმძღვანელებთან გამართა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა კანადის პარლამენტის ადამიანური რესურსების, უნარებისა და სოციალური განვითარებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარესთან, რობერტ მორისისთან.


შეხვედრაში დეპუტატები მარიამ ლაშხი, ვიქტორ სანიკიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი კანადაში სალომე ქურასბედიანი მონაწილეობდნენ.


მხარეებმა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ორმხრივი გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ბიმთან და თავმჯდომარის მოადგილე პიტერ ჰარდერთან.


შეხვედრას, ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანთან ერთად, ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: მარიამ ლაშხი, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე. 

საუბრისას მთავარი თემები გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ პარტნიორობას შეეხებოდა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სენატორებს ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გადაწყვეტილებები რეალურ ფაქტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ რეიტინგებს უნდა ეფუძნებოდეს, სადაც საქართველო მყარ, მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა შედგა სენატორ მარილუ მაკფედრანთან.


​მხარეებმა დეტალურად განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა და ქალთა გაძლიერების საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი კანადაში გრძელდება.


ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და კანადას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას.