
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სალომე ქურასბედიანმა თელავში, წყლის რესურსების მართვის საკითხებზე გამართულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.
სალომე ქურასბედიანმა ფორუმის ფარგლებში „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, გარემოს დაცვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია.
„წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონის მიღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი მმართველობის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული და საკვანძო ნაბიჯია. აღნიშნული შეხვედრის მთავარი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის სრული ინფორმირება, რაც წყლის რესურსების მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების ჩართულობის როლის გაძლიერებას“, - განაცხადა სალომე ქურასბედიანმა შეხვედრის შემდეგ.
ფორუმის მონაწილეები წყლის რესურსების მართვის რეფორმის ძირითად მიმართულებებსა და პრინციპებს გაეცნენ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ.