ევროპასთან ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილეს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი დაარეგულირებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, დაადგენს სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს, სანებართვო პირობებსა და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევებზე. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად:
ცვლილებებით, ონლაინ სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მოქმედების ვადა დამოკიდებული იქნება შესაბამისი ფიზიკური ობიექტის ნებართვის ვადაზე.
წესდება საჯარიმო სანქციები ამ საქმიანობების სანებართვო პირობების და წლიური მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე, კერძოდ: სანებართვო პირობების დარღვევისთვის - 50 000 ლარი და მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის - 20 000 ლარი.
კანონპროექტით იკრძალება საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა.
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები, რომლებიც ცვლილებების ამოქმედებამდე ახორციელებენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების მოწყობას, ვალდებულნი იქნებიან 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ შესაბამისი ნებართვების შეცვლილ/დამატებულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მომწყობმა პირმა 2023 წლის 1 აპრილამდე უნდა უზრუნველყოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისთვის გათვალისწინებული ნებართვის აღება.
საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად.
კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.