
27-28 ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის ხელმძღვანელობით, ქალაქ რიგაში, ბალტიის 41-ე ასამბლეის სესიის მუშაობაში მიღო მონაწილეობა.
საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ასამბლეის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა. გიორგი ხელაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს, ევროკავშირისა და ნატოს ერთობლივ ძალისხმევას - უზრუნველყონ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობა და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დელეგაციის ხელმძღვანელმა ბალტიელ კანონმდებლებს და ქვეყნების მოსახლეობას, საქართველოს მიმართ გამოხატული მყარი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ხელაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საეიმას (პარლამენტის) ვიცე-სპიკერთან და საქართველოსთან საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა, ასევე ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
რიგაში ვიზიტისას, გიორგი ხელაშვილმა, ლატვიის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც რეგიონში რუსული აგრესიის გავლენაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე ისაუბრა.
ბალტიის საპარლამენტო სესიის მუშაობაში ლატვიის, ლიეტუვას, ესტონეთის, მონტენეგროს, პოლონეთისა და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეები და უკრაინის რადას ვიცესპიკერი, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი მონაწილეობდნენ.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, გიორგი ხელაშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი ზარქუა და ალექსანდრე ელისაშვილი შედიან.