
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც განხილული იყო ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი პუნქტის - სათანადო მედიაგარემოს უზრუნველყოფის საკითხები.
„მედია ერთ-ერთი რთული საკითხია, რომელზეც ჩვენი ევროპელი პარტნიორები საქართველოდან პასუხს ითხოვენ. რა თქმა უნდა, განვიხილეთ მედიამენეჯერების საქმეებიც, მათ შორის, ნიკა გვარამიას საქმე, ასევე, საფრთხე, რომელიც უახლოეს მომავალში „ფორმულას“ ემუქრება იმიტომ, რომ გარკვეული საქმეებია აღძრული. ჩვენ ამ პრობლემების გადაწყვეტა უნდა მოვიფიქროთ. შევთანხმდით, რომ თამარ კორძაია, რომელსაც ამ კუთხით დიდი გამოცდილება აქვს, ამ საკითხს მაქსიმალურ კოორდინაციას გაუწევს. ურთულესი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი, მაგრამ ერთხელ სექტემბრამდე კონკრეტული გამოსავალი უნდა ვნახოთ, რომელიც თანხვედრაში იქნება როგორც ევროპის მიმართულებით არსებულ რეგულაციებთან, ასევე იმ ძალიან სასწრაფო გადაწყვეტილებებთან, რომელიც ეხება ნიკა გვარამიას საქმეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ და სხვა ტელეკომპანიებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ.