
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ზაალ უდუმაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კომიტეტმა რეგლამენტის შესაბამისად დაადგინა ზაალ უდუმაშვილის წერილობითი განცხადების ნამდვილობა და შესაბამისად, მიიღო დასკვნა მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ადგილმონაცვლეების საკითხის შესახებ ისაუბრა და მემკვიდრეობის პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვის შესახებ კონსულტაციების გამართვის სურვილი გამოთქვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი წევრი დღესაც მიიჩნევს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში იმყოფება. ის საკითხი, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, სამართლებრივ ჭრილში, გარკვეულ დონეზე, შეიძლება იყოს კონსულტაციებისთვის საფუძვლიანი. მაგრამ ერთ შემთხვევაში თქვენი პარტიის თავმჯდომარე თავისი ნებით მიდის პარლამენტიდან, ზაალ უდუმაშვილი თავად მიდის, თქვენი ზოგიერთი კოლეგა ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა წავიდეს პარლამენტიდან. თუ პოლიტიკური კონტექსტი იქნება ისეთი, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური ქმედითი ორგანო, სადაც, მიუხედავად პოზიციებისა, დეპუტატმა უნდა იმუშაოს, ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეიძლება კონსულტაციები გაიმართოს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა დასკვნას ზაალ უდუმაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება.