
დღეს პარლამენტმა სასწავლო ოლიმპიადა „ლიდერის“ მონაწილეებსა და გამარჯვებულებს უმასპინძლა. ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის ოლიმპიადებში გამარჯვებულ ბავშვებს სპეციალური სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ახალგაზრდებს სიტყვით პარლამენტის წევრმა, შალვა კიკნაველიძემ მიმართა და მათ წარმატებები უსურვა.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს, აქ, თქვენ გვერდით დგომა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი ჭკვიანი, ნიჭიერი, წარმატებული თაობა ეზრდება ჩვენს ქვეყანას. თითოეული თქვენგანი უკვე გამარჯვებულია იმიტომ, რომ განათლებული, განვითარებული თაობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. მართალია, დღეს თქვენ აქ სტუმრის სტატუსით იმყოფებით, თუმცა აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ამ შენობაში ბევრ თქვენგანს მასპინძლის სტატუსით მოგიწევთ ყოფნა. წლების შემდეგ თქვენ იქნებით ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე დაიწყებთ ზრუნვას და მჯერა, რომ თქვენ უკეთეს, უფრო განვითარებულ, უფრო ძლიერ სახელმწიფოს შექმნით“, - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ. დეპუტატი ოლიმპიადის ორგანიზატორებსა და ახალგაზრდებს საინტერესო პროექტებში მხარდაჭერასაც დაჰპირდა.
საგანმანათლებლო ოლიმპიადის იდეა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაჩნდა და იგი წელს მეორედ, საქართველოს 43 რაიონში ერთდროულად ჩატარდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა პარლამენტის თბილისის შენობა დაათვალიერეს.