საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შალვა კიკნაველიძემ ქუთაისის პარლამენტში სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ ზესტაფონელ მონაწილეებს უმასპინძლა

მედია და საზოგადოება 10 ივნისი 2015
შალვა კიკნაველიძემ ქუთაისის პარლამენტში სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ ზესტაფონელ მონაწილეებს უმასპინძლა

ქუთაისის პარლამენტში დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მედიაპროექტ „ეტალონის“ მონაწილეებთან ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე რაიონში არსებულ ვითარებასა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.

კიკნაველიძემ ახალგაზრდებს აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდა და მათი მხრიდან გამოთქმული სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში თანადგომას დაჰპირდა. შეხვედრაზევე გაჟღერდა რამოდენიმე საინტერესო იდეა, რასაც „ზესტაფონის ახალგაზრდული პარლამენტი“ და „ახალგაზრდული საკრებულო“ უახლოეს მომავალში დეპუტატის თანადგომით განახორციელებს.

კიკნაველიძის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია მომავალ თაობას ჰქონდეს არა მხოლოდ სათანადო განათლება, არამედ სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობის სურვილი და მოტივაცია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის მოსაზრებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.
„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სულ რამოდენიმე წელიწადში ქვეყნის მმართველობას გადაიბარებეთ. ამიტომ, აუცილებელია ყოველდღიურად იყოთ ჩართული იმ პროცესებში, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და საკუთარი წვლილი შეიტანოთ თქვენი რაიონის, რეგიონის და ქვეყნის განვითარების საქმეში.

კიკნაველიძემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ დღეს ახალგაზრდობას განვითარების კუთხით ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვს და ქვეყანას ძალიან ნიჭიერი მომავალი თაობა ეზრდება.

სტუმრებმა დეპუტატთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს შენობაც დაათვალიერეს და პარლამენტის მუშაობის პროცესს დაესწრნენ.

შალვა კიკნაველიძის გადაწყვეტილებით მედიაპროექტ „ეტალონის“ გამარჯვებული ერთი წლის განმავლობაში დეპუტატისგან ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.