საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შალვა პაპუაშვილი: განათლება და მეცნიერება „ქართული ოცნებისათვის“ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

პლენარული სხდომები 01 დეკემბერი 2021
შალვა პაპუაშვილი: განათლება და მეცნიერება „ქართული ოცნებისათვის“ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

„2012 წელს „ქართულ ოცნებას“ დახვდა ბიუჯეტი, სადაც განათლებისა და მეცნიერებისთვის გათვალისწინებული იყო 600 მილიონი ლარი, 2022 წელს კი გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 623 მილიონი ლარი. აქედან შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ, როგორი პრიორიტეტია განათლება და მეცნიერება „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მოსმენისას, თანამომხსენებლის რანგში.

 

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში და განათლების ყველა საფეხური განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა.

 

მისი თქმით, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო და სამთავრობო პროგრამებში წერია: „ჩვენ რასაც ვუყურებთ არის ის, რომ მთავრობამ ის პროგრამა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და მანდატი მიანიჭა „ქართულ ოცნებას“, შესრულდეს. ჩვენ ამ კუთხით ვუყურებთ მთავრობის საქმიანობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

თანამომხსენებლის განცხადებით, 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება რეაბილიტირებული.

 

„2000-ზე ცოტა მეტი სახელმწიფო სკოლა გვაქვს. აშენდა 174 ახალი სკოლა, 257 კი რეაბილიტირებულია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და კოლეგებს შეახსენა, რომ ამ მოწვევის პარლამეტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლაში იქნება სამედიცინო კაბინეტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას გამართული სისტემების შექმნა უნდა წარმოადგენდეს, რათა პანდემიისგან გამოწვეული სასწავლო დანაკარგების აღდგენა მოხდეს.

 

„დღესდღეობით, ყველა თანხმდება, რომ პანდემიის გამო არსებობს სასწავლო დანაკარგები, რომლებიც ბავშვებს აქვს და ასევე ფსიქო-ემოციური დანაკარგები, რომლებსაც განიცდიან ბავშვები სწორედ იმის გამო, რომ იმყოფებოდნენ დისტანციურ პირობებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ განათლების სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს შექმნას სისტემები, რათა მოხდეს სასწავლო დანაკარგების აღდგენა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, არსებობს სხვადასხვა სისტემები, მათ შორის, მსოფლიოში და ეს შეიძლება იყოს გახანგრძლივებული ჯგუფები, საზაფხულო წრეები, თუ ინდივიდუალური მიდგომები.

 

„მნიშვნელოვანია დიაგნოსტიცირება და შესწავლა, თუ რა სახის და მოცულობის არის ეს დანაკარგები და ამის შემდეგ მივიღოთ შესაბამისი ზომები. ტერმინიც კი დამკვიდრდა ამასთან დაკავშირებით - რემედიაცია, ანუ აღდგენა იმ დანაკარგების, რომლებიც ბავშვებმა მიიღეს. ჩვენი კომიტეტი ამ საკითხს მიაქცევს ყურადღებას, რათა მოხდეს ამ საკითხით დაინტერესება და მასზე რეაგირება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

მან ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების საკითხზე და აღნიშნა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

 

„თუკი შევადარებთ რა როლი ჰქონდა პროფესიულ განათლებას წინა ხელისუფლების დროს და რა როლი მიანიჭა მას „ქართულმა ოცნებამ“ - ეს არის ცა და დედამიწა, მათ შორის, იმ კუთხითაც, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს, მიიღოს პროფესია. არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლების მიღება და ამიტომაც ხდება, რომ განათლების სამინისტრომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით დააახლოვა პროფესიულ განათლებაში ჩართული ადამიანების სტატუსი სტუდენტის სტატუსთან, მათ შორის, სამხედრო ვალდებულების გადავადების კუთხით“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

მისი თქმით, პროფესიულ განათლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია რეგიონებში ცოდნის შეტანის მიმართულებით. „პროფესიული განათლება მჭიდრო კავშირშია პრემიერმინისტრის იმ ახალ ინიციატივასთან, რომლის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მეტად უნდა ჩაერთონ ეკონომიკაში, რა თქმა უნდა, აქ თავისი როლი და ახალი მასშტაბი ენიჭება პროფესიული განათლების დაწესებულებებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამომავლო გეგმები სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება.