
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა.
„დღეს მეუფე თეოდორესთან და მეუფე საბასთან ერთად მოვილოცეთ საფარის მონასტერი - ადგილი, სადაც საუკუნეების სიღრმიდან დღემდე აღწევს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სულიერი სიმტკიცის ხმა.
სამცხის მთებში აღმართული საფარა მხოლოდ მონასტერი არ არის. ეს არის საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი კერა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი კულტურის, სარწმუნოებისა და ეროვნული თვითშეგნების დაცვის სამსახურში იდგა.
საფარის აღმშენებელია ბექა ჯაყელი, სამცხის მმართველი და პირველი ქართული სამართლის წიგნის შემქმნელი. საფარაში აღიზარდა გიორგი V ბრწყინვალე.
საფარაში ყოფნისას კიდევ ერთხელ აცნობიერებ, რომ საქართველოს სიძლიერე მხოლოდ სამხედრო გამარჯვებებში ან პოლიტიკური წარმატებებში არ გამოიხატება. ჩვენი ძალა იმ სულიერ და კულტურულ საძირკველშია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები - მეფეები, სასულიერო პირები, დიდგვაროვნები და უბრალო ადამიანები.
სწორედ ასეთი ლავრაა საფარა - ქართული ისტორიის, სარწმუნოების, კულტურისა და სახელმწიფოებრივი მეხსიერების ცოცხალი ნაწილი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად, ზარზმის მონასტერი დაათვალიერა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ნინო წილოსანი, ილია ინჯია, სოზარ სუბარი, მარიამ ლაშხი, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი, გრეტა წიწავა, ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.