საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 30 ივნისი 2026
შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩემთვის დიდი პატივია მოგესალმოთ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე.
საქართველო, როგორც პაბსეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ასამბლეას, როგორც უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს, ხელს უწყობს დიალოგს, ურთიერთგაგებასა და პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად. პაბსეკის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით, ჩვენ თანმიმდევრულად ვმუშაობთ შავი ზღვის რეგიონში საპარლამენტო თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი. დღესდღეობით მისი როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.

„შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს. იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, თანამშრომლობასა და სტაბილურობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა პაბსეკი, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაგვაერთიანონ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად, რომელთაც ჩვენი პარლამენტები ჩვენი ხალხების სახელით გამოხატავენ.

საპარლამენტო ასამბლეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თავიანთი მოქალაქეების, ამომრჩევლების პოლიტიკური პრეფერენციების მიმართ და, შესაბამისად, უკეთ არიან ინფორმირებულნი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თაობაზე. ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რომლებიც ოთხ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია და რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მთელ შავი ზღვის რეგიონზე, აქცია რა იგი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად.

ამ რთულ ვითარებაშიც კი, გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, BSEC-ისა და შემდგომში PABSEC-ის ბრძენმა დამფუძნებლებმა სწორედ „ეკონომიკა“ აქციეს ორგანიზაციის მისიის ქვაკუთხედად, რაც თავად ორგანიზაციის სახელწოდებაშიც ჩანს.

„როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

სწორედ ეს იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას - ადამიანების საჭიროებების უგულებელყოფა გეოპოლიტიკური თამაშების სასარგებლოდ. ასეთი თამაშები, ასევე, აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის, რაც საბოლოოდ თავქარიანი ლიდერებისა და მათი მთავრობების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვას იწვევს და ხელს უწყობს რადიკალიზაციას, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის მთავარ საფუძველს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, დღესდღეობით ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გააძლიეროს საკუთარი როლი, როგორც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის ჰაბმა.

„მიმდინარე პერიოდი უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ ახალი შესაძლებლობების ჭრილშიც, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ თანამშრომლობა. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა „შუა დერეფნის“ განვითარებამ. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ლოგისტიკური ქსელების განვითარებით, ვაჭრობის ხელშეწყობითა და მულტიმოდალური დაკავშირებადობის გაძლიერებით, შეგვიძლია ჩვენი რეგიონი მიმზიდველ და საიმედო დამაკავშირებელ რგოლად ვაქციოთ რეგიონებსა და კონტინენტებს შორის.

უფრო სტაბილური სამეზობლო ამ ასამბლეაში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც ჩვენი ფართო რეგიონისთვის მეტი სტაბილურობისა და თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის.
მიმდინარე თვის დასაწყისში ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახალი ხაზი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია პრაქტიკულ თანამშრომლობას საერთო სარგებლის მოტანა და ჩვენი საერთო ხედვის - უფრო დაკავშირებული და წარმატებული რეგიონის - განხორციელების ხელშეწყობა.

ასევე, ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაში. პაბსეკის პრეზიდენტის რანგში, მონაწილეობა მივიღე ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველ სამიტში. მჯერა, რომ რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებით შევძლებთ კიდევ უფრო ეფექტიან თანამშრომლობას და ჩვენი ხალხებისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად.

„ჩვენი გენერალური დებატების თემა ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება. ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად, საზღვრების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, კატასტროფებისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ამავდროულად, ამ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გონივრულ მმართველობას, პასუხისმგებლიან რეგულაციებს და მუდმივ დიალოგს მოითხოვს, რათა ინოვაციები ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებოდეს და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განვითარებას.

როგორც პარლამენტარებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, ხოლო, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იმას, რომ ტექნოლოგიური პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის კატალიზატორად და არა ახალი გამყოფი ხაზების წყაროდ იქცეს.

ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიების ფარგლებში გაჩნდება ღირებული იდეები და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას.
ჩვენს პლენარულ სესიას წარმატებას ვუსურვებ და მოუთმენლად ველი ნაყოფიერ და შინაარსიან განხილვებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.