
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 29 მარტს ბრიუსელს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი შეხვედრებს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან და ევროპარლამენტარებთან, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის ხელმძღვანელთან, მარინა კალიურანდთან და სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის პრეზიდენტთან, ირაჩე გარსია პერესთან გამართავს.
დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან, ელიანე ტილიესთან და სენატის სპიკერთან, სტეფანი დჰოსთან, ასევე, ევროკომისართან, დიდიე რეინდერსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო საკითხებში, საიმონ მორდიუსთან. შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად, Think Tank-ების წარმომადგენლებსაც შეხვდება.
დელეგაციის შემადგენლობაში ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე შედიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ვიზიტს 1 აპრილს დაასრულებს.