
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი მიმართვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ბოლო საანგარიშო გამოსვლაა. ამიტომ გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და 2023 წლის ანგარიშთან ერთად, შევაჯამებ ამ მოწვევის პარლამენტის გარშემო და მისი მონაწილეობით განვითარებულ პროცესებს, რომლებიც პოლიტიკური და, შეიძლება ითქვას, ისტორიული მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს და მის ხელისუფლებას მოუხდა რამდენიმე ეპოქალური გამოწვევისთვის თავის გართმევა. მართლაც, საქართველოს პარლამენტს და მთავრობას მოუწია საუკუნეში ერთხელ რომ ხდება, ისეთი მსოფლიო პანდემიის მართვა, ხალხის სიცოცხლის მაქსიმალურ შენარჩუნებასა და ეკონომიკის გადარჩენას შორის დანის პირზე სიარული.
პანდემია დასრულებული არ იყო, როდესაც დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში. საქართველო დადგა ისტორიული საფრთხის წინაშე - ჩაბმულიყო მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტში, რომელიც არანაკლებ ნგრევასა და ადამიანურ ტრაგედიას მოიტანდა, ვიდრე 1990-იანი წლების ქაოსმა გამოიწვია.
ამ ორი უდიდესი საფრთხის მოსაგერიებლად ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებას პასუხისმგებლიანი და პატრიოტი პოლიტიკური ოპოზიცია მხარში დაუდგებოდა და ქვეყნის გაერთიანებაში დაეხმარებოდა. საქართველოში კი პირიქით მოხდა. რეალურად, ოპოზიციის რადიკალიზაცია ჩვენი ქვეყნისათვის მესამე დიდ საფრთხედ იქცა. ყველას გახსოვთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალიზაციის მასშტაბი, როდესაც არჩევნების ე.წ. „გაყალბების“ პროპაგანდით რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების არადემოკრატიული გზებით ხელში ჩაგდების მცდელობასაც კი არ მოერიდნენ.
მსგავსი რამ განმეორდა 2022 წელს, როდესაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პარალელურად, ოპოზიცია საკუთარ ხალხს დაუპირისპირდა და ხელისუფლებას უკრაინაში მებრძოლების გაგზავნისა და რუსეთთან სანქციების ომში ჩაბმისკენ ღიად მოუწოდებდა.
საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთეს სამივე დიდი საფრთხის - პანდემიის, ომის და რადიკალიზმის - გასანეიტრალებლად. უფრო მეტიც, ამ დიდ გამოწვევებთან გამკლავება ისე მოხდა, რომ არ დაგვითმია არც ერთი დემოკრატიული მიღწევა და მონაპოვარი, შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, დავეხმარეთ მოძმე უკრაინელ ხალხს, მაქსიმალურად ვიზრუნეთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ისტორიულ წარმატებებს მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ეს არის ის ისტორიული მონაპოვარი და მემკვიდრეობა, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიაღწია ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესების დასაცავად. ეს არის ის მიღწევები, რის გამოც მოახლოებული არჩევნების წინ გვაქვს მოსახლეობის უპრეცედენტო მხარდაჭერა.
ეს შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის კონტექსტი, რომელშიც საქართველოს პარლამენტს საქმიანობა უხდებოდა ბოლო სამი წლის განმავლობაში.
და მაინც, ამ გამოწვევების მიუხედავად, პარლამენტს საკანონმდებლო, საზედამხედველო თუ სხვა მიმართულებით საქმიანობის გზით არ დაუშურებია ძალისხმევა ჩვენი ხალხისა და სამშობლოს ინტერესების დასაცავად. ამ კონტექსტში წარმოგიდგენთ 2023 წლის საპარლამენტო საქმიანობის რამდენიმე ძირითად მონაცემს. უფრო დეტალურად, 2023 წლის ანგარიში ბეჭდური სახით დარიგებულია და ასევე ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებ-გვერდზე.
2023 წელს ჩატარდა საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომა. აღსანიშნავია, რომ 65 სხდომიდან 10-ს, რაც სხდომების 15%-ს შეადგენს, ოპოზიციამ სხვადასხვა კონფიგურაციით ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია.
პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტმა 622 კანონი მიიღო. მიღებული კანონებიდან აღსანიშნავია:
სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოპოზიციას ამგვარი კანონების განხილვაში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. არადა სწორედ მსგავსი საკითხებია, რომლებიც სინამდვილეში გადამწყვეტია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის და ევროკავშირთან ჩვენი არსებითი დაახლოებისთვის.
საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა დაამუშავა: 620 საკანონმდებლო ინიციატივა, 54 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია, ანგარიშები, თანხმობისა და ნდობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატურები და სხვა. განსახილველად შემოვიდა 142 საკანონმდებლო წინადადება და 8 პეტიცია. საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 139-მა წევრმა.
ბოლო წლებში, რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს პარლამენტმა უფრო მკაფიოდ მონიშნა თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია - საზედამხედველო საქმიანობა, რაც ხაზს უსვამს დემოკრატიული რეფორმების ეფექტურობას, რომლებიც ბოლო წლებში იქნა განხორციელებული.
2023 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების გზით, აქტიურად ახორციელებდა საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. 65 პლენარული სხდომიდან თითქმის ნახევარზე, 30 სხდომაზე მოხდა პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული უწყებების მოსმენა. კერძოდ, 2023 წელს პარლამენტში გაიმართა პრემიერ-მინისტრის 2, მინისტრების 18, ასევე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების წარმომადგენლების 10 მოსმენა.
საანგარიშო პერიოდში უწყებებში გაიგზავნა საქართველოს პარლამენტის 48 წევრის მიერ დასმული 3000-მდე კითხვა. ზოგადი საზედამხედველო ინსტრუმენტების გარდა, ნდობის ჯგუფის 14 შეხვედრის ფარგლებში ნაყოფიერად გრძელდებოდა თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროს უწყებების საპარლამენტო ზედამხედველობა. აქაც აღსანიშნავია, რომ ნდობის ჯგუფის 14 შეხვედრიდან არცერთ შეხვედრას არ დასწრებია ნდობის ჯგუფის ოპოზიციური წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, რაც კარგად აჩვენებს, საჯარო და უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი ჩივილის მიღმა, თუ რამდენად რეალურია ოპოზიციის ინტერესი უსაფრთხოების სფეროზე ზედამხვედველობის მიმართ.
პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ღიაობასა და გამჭვირვალობას და ამ მხრივ წლებია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ და ხელმისაწვდომ ინსტიტუტს. 2023 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში შემოვიდა 383 განცხადება, რომლებზედაც მომზადდა პასუხები და მოხდა მათი ადრესატისათვის გადაგზავნა.
გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე ამოქმედდა პარლამენტის სატელევიზიო არხი, სადაც გადაიცემა პარლამენტის ბიუროს, კომიტეტებისა და პლენარული სესიების ყველა სხდომა. ამას ემატება პარლამენტის Youtube არხი, სადაც პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია პარლამენტის სხდომების სრული ვიდეო არქივი დაწყებული 2022 წლის სექტემბრიდან. სიახლის სახით გეტყვით, რომ დღეიდან პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება პარლამენტის პლენარული სხდომების სტენოგრამები. დღეს უკვე სრულად არის ატვირთული 2023 წლის სტენოგრამები. ეტაპობრივად შეივსება წინა წლების არქივიც.
გახსოვთ, რომ 2020 წლის არჩევნების წინ „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პარტია, რომლის მთავარ საარჩევნო დაპირებას 2024 წლისათვის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა წარმოადგენდა. ახლა უკვე 2024 წელია და შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისათვის, არამედ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ. ეს ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტების და ეკონომიკის შემცირების გარეშე შევძელით.
საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა.
საპარლამენტო კომიტეტებში, სამუშაო ჯგუფებსა და პლენარულ სხდომებზე მოხერხდა ასამდე, თვისებრივად უმნიშვნელოვანესი კანონისა და რეგულაციის მიღება, რომლებიც უშუალოდ იყო მიმართული კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად:
შემოვიარეთ ევროკავშირის ყველა დედაქალაქი, საქართველოს წინსვლის შესახებ ხმა მივაწვდინეთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს.
ამ მიზნით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ათ პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ფორმატში. მსგავსი მოტივაციით, ვიცე-სპიკერებმა, მეგობრობის ჯგუფებმა, კომიტეტებმა და მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციებმა ასობით შეხვედრა გამართეს ევროკავშირელ კოლეგებთან. საქართველოში ვუმასპინძლეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, სლავკოვის ფორმატში ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის სპიკერებს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას. ეს ყველაფერი ერთი მიზნით - ევროკავშირში საქართველოს წევრობის საქმეში საპარლამენტო აგურის დასადებად.
შედეგად, დაფასდა ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებს, ჩენს დიპლომატიურ კორპუსს და უცხოელ პარტნიორებს, საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით კი საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ყველას, ვინც თავისი შრომით, ემოციით, გულშემატკივრობით თავისი წვლილი შეიტანა ამ მიზნის მიღწევაში.
ამავე დროს, ქალბატონებო და ბატონებო, კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს - დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის სახით - რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. და რადგან ერთიც და მეორეც მიმდინარე წელს ალბათ უხვად გვექნება, მინდა საზოგადოებას გავაცნო დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია. დაე, ყველასთვის ეს იყოს გაკვეთილი, რათა მიმდინარე წელს არ დავდგეთ იმავე გამოწვევების წინაშე.
დავიწყოთ დეზინფორმაციით, რომელიც სამი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის გაღრმავების, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების დაზიანების მთავარ იარაღად იქცა.
წლების განმავლობაში ოპოზიცია ცდილობდა პრორუსულობა დაებრალებინა მმართველი პარტიისთვის. ეს მცდელობა ვლინდებოდა შიდა პოლიტიკურ პროპაგანდაში, იღვრებოდა ოპოზიციის კუთვნილი ტელევიზიებიდან, გვესმოდა ოპოზიციასთან შეხმატკბილებული უცხოელი აქტორებისგან, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა არამცთუ ფაქტებით, არამედ ოდნავ მაინც გამართული ლოგიკით აეხსნა, რატომ ესხმის თავს ოპოზიცია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას.
საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია იყო და არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებულ პოლიტიკას, საქართველოს მძიმე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოსთვის, რომელსაც არ იცავს არც ნატო-ს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის სისტემა, ამგვარი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა ერთადერთი გზაა, რათა თავი გადაირჩინოს ძალით არათანაზომადად აღმატებულ მოწინააღმდეგესთან ისტორიულ ჭიდილში და მიაღწიოს სანუკვარ მიზნებს - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და ევროპულ ოჯახში თავის დამკვიდრებას.
ეს ესმის ყველას ევროპაშიც და ამერიკაშიც, დიდსაც და პატარასაც. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეს ოპოზიციას. ამიტომ, მათ მიერ „რუსეთის საკითხით“ უპასუხისმგებლო სპეკულირება მხოლოდ ეროვნული ინტერესების შეგნებული და გაცნობიერებული ღალატით შეიძლება აიხსნას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრა და აგრესიული ომის დაწყება სიურპრიზად იქცა ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორისთვის. მაგრამ საქართველოსთვის 2022 წლის თებერვალში ახალი არაფერი მომხდარა. როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვარსებობდით ეგზისტენციური საფრთხეების ქვეშ, ხოლო როგორც ერი, საუკუნეების განმავლობაში ვიმკიდით რუსული ოკუპაციისა და აგრესიის შედეგებს. როდესაც ჩვენ ხმას ვიღებდით რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ბევრს საღათას ძილით ეძინა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდნენ, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უშუალოდ ევროკავშირის საზღვრებთან წამოიწყო. მანამდე კი გვახსოვს გადატვირთვებიც, საუკუნის სტრატეგიული პროექტებიც და წითელ მოედანზე ერთობლივი სამხედრო აღლუმებიც. ჩვენი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ზოგიერთების კომფორტის გამო, მაშინდელი სამეზობლოს შემავიწროებელი დღეს გლობალური მასშტაბის აგრესორად იქცა. კარგი იქნებოდა, თუ ზოგიერთების თვალსაწიერი და მეხსიერების კალენდარი არა 2022 წლიდან, არამედ 1801 წლიდან, 1921 წლიდან ან თუნდაც 1989 წლიდან დაიწყებოდა.
ამას არ დაუბრკოლებია ჩვენი ქვეყანა, თავისი ღირსეული წვლილი შეეტანა მსოფლიო მშვიდობის განმტკიცებაში. წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება უდრეკად ასრულებდა საერთაშორისო მოვალეობებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. ჩვენი მამაცი სამხედროები იბრძოდნენ ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ ყველგან, სადაც ვჭირდებოდით ჩვენს მეგობრებს. არც ერთი წამით, არცერთი სანტიმეტრით, არცერთ ადგილას უკან არ დაგვიხევია. შევდიოდით იქ, სადაც სხვები ვერ ბედავდნენ; ვასრულებდით სხვებისთვის შეუსრულებელ მისიებს და ოპერაციებს; იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები იმისთვის, რომ, ჩვენთან ერთად, სხვებსაც მშვიდად სძინებოდათ. საქართველოს, ჩვენს ხალხს არავისთვის არაფერი დასამტკიცებელი არ აქვს - ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ ყველგან, სადაც ჩვენი ომი იყო.
ჩვენ არ გვიკვირს ზოგიერთი ჩვენი მეგობრის გულმავიწყობა, უმოქმედობა და უცაბედი გამოფხიზლება ამ ორი წლის წინ. ჩვენ გვიკვირს და გვტკივა ჩვენი სისხლის და ხორცის, ჩვენი ოპოზიციის მცდელობა, ქვეყანა სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ დაეყენებინათ მხოლოდ იმისთვის, რომ ძალაუფლების მოპოვების შანსი ჩაეგდოთ ხელში.
მადლობა ღმერთს, მათი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და ყველამ დაინახა, რაოდენ დამაზიანებელი შეიძლება იყოს რადიკალიზმი და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფა. ჩვენ შევძელით, ქვეყნისთვის აგვერიდებინა სასიცოცხლო საფრთხეები და არა მარტო შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი, არამედ უპრეცედენტო ტემპებით წინ წაგვეწია ეკონომიკა და ისტორიული ნაბიჯები გადაგვედგა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით.
მთავრობისათვის პრორუსულობის დაბრალება მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იყო ოპოზიციის სამარცხვინო არსენალში.
არანაკლებად დამაზიანებელი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის ის, რაც ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით იკადრა. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ლამის ერთი წლის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე. ხოლო, საქმე საქმეზე რომ მიდგა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მტკიცებულებების წარდგენა ითხოვა, ვერანაირი დასაბუთებული პრეტენზია ვერ იქნა წარმოდგენილი და მთელი ეს ყალბი კამპანია ხუხულასავით ჩამოიშალა. მართალია, დეზინფორმაცია გამოაშკარავდა და სიყალბეც გაირკვა, მაგრამ საქართველოშიც და უცხოეთშიც უსიამოვნოდ ჩარჩა განცდა, რომ თითქოს რაღაც არ იყო წესრიგში და თითქოს ადგილი ჰქონდა დემოკრატიის დარღვევას.
საბოლოოდ, დეზინფორმაციის ამოცანაც ხშირად ხომ ზუსტად ესაა - დატოვოს უარყოფითი განცდა, აღქმა, შთაბეჭდილება, მიუხედავად იმისა, თუ რა არის სიმართლე და ჭეშმარიტება. სამწუხაროდ, ჩვენმა ოპოზიციამ აქტიურად აითვისა ეს მარტივი, უხეში და სამარცხვინო მეთოდი და დეზინფორმაცია პოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად აქცია.
სამწუხარო რეალობაა, რომ ამ დეზინფორმაციასთან ბრძოლა ხელისუფლებას და ჩვენს საზოგადოებას მარტო გვიწევდა. კარგ შემთხვევაში დუმდნენ, ცალკეულ შემთხვევაში კი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში თავად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წესით ნეიტრალური პოზიციიდან უნდა აფასებდნენ მოვლენებს. სამწუხაროა, რომ ქართულ რეალობაში რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია ხშირად ეჯიბრება და ჯობნის კიდეც ოპოზიციას დეზინფორმაციის შეთანხმებულ გავრცელებაში. არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, პრაქტიკულად, რადიკალი პოლიტიკოსების მოკავშირედ იქცა.
ვინაიდან რადიკალიზმი ქართული კულტურისთვის უცხო და მიუღებელია, ამიტომ რადიკალი პოლიტიკოსებისა და მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები ვერ იწვევს იმ ეფექტს, რომელიც მათ აქვთ ხოლმე ჩაფიქრებული. ხალხი არ უსმენს რადიკალებს.
რადიკალი პარტიებისა და ორგანიზაციების დეზინფორმაცია მხოლოდ მაშინ ხდება ეფექტიანი, როდესაც ზოგიერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დეზინფორმაციული კამპანიის უნებლიე მონაწილე ხდება.
ამის ყველაზე კარგი მაგალითი იყო გასული წლის მარტის აქციები და კამპანია, რომელიც მიმართული იყო ჩვენი განზრახვის წინააღმდეგ, რომ გამჭვირვალე გაგვეხადა უცხოეთიდან შემოსული ფინანსები საქართველოში, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციას და მათ მოკავშირე პოლიტიკურ პარტიებს, რიგ შემთხვევაში, არამიზნობრივად და უკანონოდ ხმარდება.
დრომ გვიჩვენა, რომ, სიმართლე არ აღმოჩნდა კანონპროექტით შეშფოთებული ჯგუფების მაშინდელი მტკიცება, თითქოს უცხოური დაფინანასება საზოგადოებისთვის ისედაც გამჭვირვალეა. დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ საჯარო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული ინსტიტუციებიდან, არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა.
დრომ ასევე ყველას დაანახა, რომ კანონი ფინანსების გამჭვირვალების შესახებ არანაირად არ იყო არც კანონი „აგენტების შესახებ“ და არც „რუსული კანონი“. გარდა იმისა, რომ ყველა დარწმუნდა, რომ კანონპროექტი იყო აშშ-ში მოქმედი კანონის პირდაპირი ენობრივი თარგმანი, საზოგადოებამ ისიც კარგად დაინახა, თუ როგორ წარმოიშვა და ყოველგვარი ისტერიის გარეშე განიხილება ევროკავშირშიც ამგვარი კანონის მიღების იდეა.
ეს ბუნებრივია. ჩვენ ვარსებობთ საერთაშორისო უსაფრთხოების უპრეცედენტო დაძაბულობის ეპოქაში, როდესაც იატაკქვეშა, ჰიბრიდული ოპერაციები პოლიტიკის ლამის ბუნებრივი იარაღი გახდა. ყველა სახელმწიფოს ვალია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის მედეგობა გარე გავლენების მიმართ. გამჭვირვალება, როგორც დემოკრატიის თეორია გვასწავლის, მსგავსი თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი იარაღია. ამიტომ გაუგებარია, რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე საქართველოში უცხოეთის მიერ წარმოებული ფინანსური ოპერაციები და რატომ ართმევენ საზოგადოებას უფლებას იცოდეს, რომელი წყაროებიდან ფინანსდებიან და რა ინტერესები დგას მათ უკან, ვინც სახელისუფლებლო გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობას ითხოვენ.
მარტის ძალადობრივმა აქციებმა დაგვანახა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოში რადიკალიზმის ალაგმვაში. მათი მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი ორაზროვანი განცხადება შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული რადიკალური, უპასუხისმგებლო ჯგუფების მიერ სახელმწიფოსა და დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ, რაც ბოლო აქციების დროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებით“ ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობაში გამოიხატა.
ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გამოყენების კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი იყო ოპოზიციის მიერ წელიწადნახევრის განმავლობაში წარმოებული კამპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსეთი საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს. არ დავიწყებ მაგალითების მოტანას. ყველამ კარგად ვიცით ამ კამპანიის მონაწილე პირები და მასშტაბი, რომელმაც ძალიან დააზიანა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი.
ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მაინც ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაადასტურეს, რომ საქართველოს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არც ერთხელ, ვიმეორებ, არც ერთხელ, არ დაურღვევია. მაგრამ აქაც, ისევე როგორც არჩევნების გაყალბების კამპანიის შემთხვევაში, შეიქმნა აღქმა, განცდა, შთაბეჭდილება, რომ საქართველო რაღაცას ისე არ აკეთებს, როგორც საჭიროა. და მოხდა ისევ იგივე, ბევრს უცხოეთში და საქართველოში დარჩა უსიამო განცდა საქართველოს მისამართით. დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი მიზანი მიღწეული იქნა. ოპოზიციამ დააზიანა საკუთარი ქვეყანა იმ იმედით, რომ, რამენაირად, ეს დაეხმარებოდა ხელისუფლების მოპოვებაში.
რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირები არის ერთი გარემოება, რომელსაც კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი. ჩვენ ორი წელია ვაკვირდებით თუ როგორ წესდება სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის მიმართ. ვხედავთ, რომ სანქციების შინაარსის და განსაკუთრებით კი მისგან გამონაკლისების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხანგრძლივი განსჯის საგანი ხდება ხოლმე. რაც ბუნებრივია. რუსეთისთვის მისი აგრესიული ომის გამო საზღაურის დაწესების კვალდაკვალ, ყველა წევრი ქვეყანა ცდილობს, რომ ისეთი სანქცია არ დაწესდეს, რომელიც მის უსაფრთხოებას თუ ეკონომიკურ ინტერესებს უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე რუსეთს. საქართველო, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა ამ დისკუსიაში არ მონაწილეობს. ამიტომ განსხვავებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან, სანქციების დაწესების დროს, საქართველოს უსაფრთხოება და ეკონომიკური ინტერესები განხილვის საგანს არ წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვმონაწილეობთ გადაწყვეტილებების მიღებაში, სწორედ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული სოლიდარობის გამო ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად. და როგორც ყოველთვის, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს.
დაბოლოს, დეზინფორმაციული კამპანიის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ოპოზიციამ ჩაწერა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება. მისი სამართლიანი პატიმრობა და კლინიკაში სასჯელის მოხდის პერიოდი სავსე იყო პირდაპირი და დაუსაბუთებელი ბრალდებებითა და ჭორებით. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი მოწამლეს და სიკვდილის პირას იყო. როდესაც ამ პრიმიტიულმა ტყუილმა არ გაჭრა, სააკაშვილმა სასწრაფოდ დაივიწყა ავადმყოფობის მითი და „გამომჯობინებული“ პირდაპირ გადაეშვა რადიკალიზაციის მორევში.
მოგვიანებით, უცხოელი აგენტების ამერიკული რეესტრის მეშვეობით გაირკვა და მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციების, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის, მსოფლიო პრესასა და ტელევიზიებში გამოქვეყნებული სტატიებისა და ინტერვიუების უკან ლობისტებისთვის გადახდილი მილიონობით დოლარი იდგა და დგას.
სამწუხაროდ, ისევ და ისევ, სააკაშვილის დეზინფორმაციას თან ახლდა არასამთავრობო სექტორის ნაწილის და ზოგიერთი უცხოელი აქტორის სამარცხვინო მხარდაჭერა. ტყუილი მალე გამოაშკარავდა. ყველამ კარგად დაინახა, სად დგას სიმართლე. თუმცა აქაც, სამწუხაროდ, ბევრს ქვეყნის შიგნით და გარეთ მაინც დარჩა უარყოფითი განცდა, აღქმა და შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლება რაღაცას არასწორად აკეთებს. სწორედ დეზინფორმაციის შედეგია ეს უარყოფითი აღქმა, როგორც ეს იყო არჩევნების ვითომდა გაყალბებისა და სანქციების ვითომდა გვერდის ავლის შემთხვევებში.
ამ და სხვა შემთხვევებში, სახელმწიფოსთან ერთად, უშუალო დარტყმის სამიზნე ქართული მართლმსაჯულება ხდებოდა. მაშინ, როცა სურდათ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირება, სწორედ ასეთ საქმეებს იშველიებდნენ მტკიცებულებად: რუსთავი 2-ის საქმე, ახალაიას საქმე, აქციის დაშლისას ძალის გადამეტების საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე. ეს ის საქმეებია, რომლებზეც წლების განმავლობაში იყო აწყობილი ქართული სასამართლოს სახელის შებღალვის კამპანია. დღესაც ინტერნეტში ადვილად მოიძიებთ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორის ძველ განცხადებებს ამ საქმეებზე, სადაც ისინი აპროტესტებენ, გმობენ, უკუსვლად აფასებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. საბედნიეროდ, ამგვარ დეზინფორმაციას აქვს ზღვარი, რომელიც, საქართველოს შემთხვევაში, მკაფიოდ გაავლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებმა, რომლებშიც ნათლად გამოჩნდა, რომ ყველა ამ საქმეში მართალი იყო ქართული სასამართლო და ტყუოდა ყველა, ვინც მას თავს ესხმოდა.
დღეს, ჭეშმარიტების გამომჟღავნების შემდეგაც კი, არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ შიგნით თუ გარეთ მათი საქციელის გამო ვინმე ბოდიშს მოიხდის. მაგრამ მოვუწოდებ ყველას, რომ დღევანდელი დღის შემდეგ მაინც, უფრო მეტად დაფიქრდნენ, ისწავლონ გასული პერიოდის გაკვეთილები და ნებით თუ უნებლიეთ, მომავალში მაინც ნუ გახდებიან დემოკრატიული ინსტიტუტების დამაზიანებელი დეზინფორმაციის ხელშემწყობი.
ამგვარად, ყველასთვის ცხადია, რომ დეზინფორმაციამ წალეკა ქართული პოლიტიკა ბოლო წლების განმავლობაში. დეზინფორმაციამ განაპირობა ემოციები, ხოლო ემოციებმა გამოიწვია დიდი უარყოფითი ენერგიის დაგროვება პოლიტიკურ წრეებშიც და საზოგადოებაშიც. ხშირად ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ უარყოფით ენერგიას „პოლიტიკურ პოლარიზაციას“ უწოდებენ.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს. პოლარიზაცია გულისხმობს, რომ საზოგადოება გახლეჩილია იდეური ან ღირებულებითი ნიშნის მიხედვით, რაც საქართველოში სულაც არაა ასე. საზოგადოება ერთიანია. პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება.
პოლიტიკური რადიკალიზმი არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების სიმწვავე. რადიკალიზმი წარმოადგენს პოზიციას, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებისა და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუტების წინააღმდეგ. თითქმის ოთხი წელია ოპოზიციის ნაწილი სწორედ რადიკალიზმის ამგვარი გამოვლინებითაა დაკავებული.
შეიძლება ითქვას, რომ რადიკალიზმის ფესვები კიდევ უფრო შორს მიდის. 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ყოველ ჯერზე, არჩევნების წაგების შემდეგ, უარყოფენ არჩევნების შედეგებს ან ბოიკოტს უცხადებენ მათ. არც ერთ შემთხვევაში მათ არ წარმოუდგენიათ ოდნავ მაინც დამაჯერებელი დასაბუთება, თუ რის საფუძველზე უარყოფენ მმართველობის დემოკრატიულად არჩეული სტრუქტურების ლეგიტიმურობას. მეტიც, მათი რიტორიკა მუდმივად მიმართულია არა დემოკრატიული და კანონიერი, არამედ ძალისმიერი და უკანონო მეთოდებით ხელისუფლების შეცვლისაკენ.
ხდება ნებისმიერი საკითხის პოლიტიზება და შემდეგ მათი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ამ გზაზე არაფერი წმინდა მათთვის აღარ არსებობს. რადიკალებმა განხეთქილების საბაბად აქციეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა, 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების თარიღი, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეც კი. ესეც არ იკმარეს და სულ ახლახან პოლიტიკურ იარაღად სცადეს ექციათ შობის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია.
როდესაც პოლიტიკური ძალა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები თუ კონკრეტული პირები ცდილობენ ამგვარად მოახდინონ საზოგადოების გახლეჩა და ნებისმიერი საკამათო თემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ცხადია, რომ ამგვარ ძალებთან თანამშრომლობა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან რთული იქნება.
რაოდენ სამწუხაროა, რომ რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაბმული აღმოჩნდა ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი კონსტიტუციის, ეროვნული ინტერესებისა და ინსტიტუტების დაცვაზე, ეროვნული თანხმობის მიღწევასა და ქვეყნის გაერთიანებაზე.
ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვამაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულის დაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად, მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როდესაც საქართველოს მთავრობის მკაფიო ნებართვის გარეშე დაიწყო საგარეო პოლიტიკური აქტივობების განხორციელება. ჩვენი შეფასება პირდაპირ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ.
პრეზიდენტის მოქმედება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრინციპული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად მიუთითეს საქართველოს პარლამენტმა და საკონსტიტუციო სასამართლომ და მაინც, მან გადაწყვიტა, რომ მისი პირადი გადაწყვეტილება უფრო მაღლა დგას, ვიდრე პარლამენტი, კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლო და ეროვნული ინტერესები.
ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე უარი თქვან ხელისუფლების სხვა შტოებმა. ეს არის ის მაგალითი, რასაც პრეზიდენტი უნდა აძლევდეს ქვეყანას, საზოგადოებას და მომავალ თაობებს? ეს არის ის, რაც მას ევროპად მიაჩნია?
ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა, რომელმაც რადიკალიზაციის ხელშეწყობით, პრაქტიკულად, რადიკალური ოპოზიციის თამაში გაიზიარა და ამით მნიშვნელოვნად დააზარალა არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი და ინტერესები.
2024 წელი საქართველოსთვის დიდი გამოწვევების წელი იქნება.
უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევნების წელი. ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად. ამისათვის ძალები უნდა გავაერთიანოთ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის წახალისება წარსულს ჩაბარდეს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი კონკურენციის გზით, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქნეს დადასტურებული.
ამ გზაზე ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თაობაზე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო არჩევნების ელექტრონული სისტემები, რომელიც ამ მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული წლევანდელ არჩევნებზე.
მეორე, საქართველოს გარშემო სულ უფრო ფართოვდება ცეცხლის, აგრესიისა და ძალადობის რკალი. უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე ჩვენი პარტნიორი დემოკრატიები არნახული წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. დემოკრატიული თანამეგობრობის ამოცანა უნდა იყოს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სტაბილურობის ოაზისის გადარჩენა და განვითარება. ამისთვის ყველა ჯანსაღი ძალა ქვეყნის შიგნით და გარეთ უნდა გაერთიანდეს. არ უნდა დავუშვათ საქართველოზე ომისა და ძალადობის გავრცელება და, იმავდროულად, უნდა განვამტკიცოთ ჩვენი დემოკრატია და კანონის უზენაესობა.
მესამეც, მიმდინარე წელი ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს. ქართული ოცნების ხელისუფლებამ ბოლო ათ წელიწადში არნახულ პროგრესს მიაღწია ევროპისაკენ სვლაში. აუცილებელია, რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს და, მეტიც, დაჩქარდეს. როგორც აღვნიშნე, პარლამენტმა უპრეცედენტო მოცულობის სამუშაო შეასრულა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და სექტორული ინტეგრაციის გასაღრმავებლად. ჩვენ მზად ვართ, უფრო მეტი გავაკეთოთ. რაც უფრო ნაკლები იქნება ობსტრუქცია ოპოზიციის მხრიდან, მით უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება ჩვენი ძალისხმევა.
საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე არავის ეჯიბრება, რის წარმოჩენასაც ესოდენ დაბეჯითებით, მაგრამ ამაოდ ცდილობს ოპოზიცია. ობიექტური პარამეტრების უმრავლესობის მიხედვით, დღესაც საქართველო ევროკავშირის ბევრ კანდიდატ ქვეყანაზე წინაა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროკავშირის წევრობაა.
სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლების შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა.
დასასრულს, მინდა მოგმართოთ თანამშრომლობის წინადადებით. საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება.
ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ, რომ მიმდინარე წელი არა რადიკალიზაციისა და კონფრონტაციის წელი, არამედ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების, გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის, ქვეყნის გაერთიანებისა და ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი გახდეს.
სწორედ ეს არის მოსახლეობის მთავარი ინტერესი, ჩვენი საერთო სამშობლოს - საქართველოს უპირველესი ინტერესი.
დიდი მადლობა.