
„მოხარული ვარ, რომ კვლავ ვმასპინძლობთ მაღალი დონის დისკუსიას, რომელიც აერთიანებს პოლიტიკის, ეკონომიკის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საერთო მიზნის გარშემო - ვიმსჯელოთ იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო დგას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ფორუმი იმართება რთულ საერთაშორისო გარემოში. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეა. იზრდება გეოპოლიტიკური კონკურენცია, მძაფრდება კონფლიქტები, ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევები კი გავლენას ახდენს როგორც სახელმწიფოებზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
„ამ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს უნარი, იხელმძღვანელოს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, სწორად შეაფასოს გარემო და მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები.
საქართველოს არჩევანი სწორედ ასეთ მიდგომას ეფუძნება. საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით. ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს ქვეყნებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული ინტერესების ერთგულება და საერთაშორისო ძალთა განაწილების გათვალისწინება სახელმწიფოს მთავარი ორიენტირი უნდა იყოს.
„გასაოცარია, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში ამ რეალისტური ჭეშმარიტების მასობრივ იგნორირებას ვხედავთ და ეს ხდება იდეოლოგიური ერთგვაროვნების დამკვიდრებისა და კრიტიკული აზროვნების ჩახშობის მოწოდებების ფონზე. საკმარისია, გლობალურ იდეოლოგიას მოერგო და მისი უპირობო ჭეშმარიტება აღიარო, რომ წითელ ხალიჩებს გაგიგებენ, ქება-დიდებას არ დაიშურებენ, არჩევნებშიც „დაგეხმარებიან“ და კანონის უზენაესობის თუ ადამიანის უფლებების დარღვევებზეც თვალს დაგიხუჭავენ. სამაგიეროდ, ყველა, ვინც კი ლიბერალური ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიურ მარწუხებს არ ერგება, სტიგმატიზირდება, ბათილდება და იდევნება. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ თანამედროვე მსოფლიო საჭიროებს უფრო მეტ დიალოგს, მეტ ურთიერთპატივისცემას და ნაკლებ იდეოლოგიურ დაპირისპირებას.საერთაშორისო პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, თავს იმკვიდრებს კოლექტიური აზროვნება, კრიტიკული აზრის უგულებელყოფა, იდეური მარწუხების თავსმოხვევა, და პლურალიზმის მიუღებლობა. ჩვენ გვახსოვს, როგორ მუშაობდა კომუნისტური პარტიის გენერალური ხაზი, როგორ ისჯებოდა განსხვავებული აზრი და რაოდენ სამწუხაროა, რომ დღეს მსგავს ფენომენს საერთაშორისო მასშტაბით ვხედავთ და ვაცნობიერებთ. თვალში საცემია, რომ არგუმენტების სიმწირის დროს თავშესაფრად მორალური პიედესტალიდან საუბარი იქცა. პათეტიკით გაჯერებული მორალისტობა დღეს ლამის საერთაშორისი პოლიტიკური რიტორიკის ნორმად მკვიდრდება და ამას საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ შეფასებაშიც ვხედავთ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის ორ მთავარ მიზანს ემსახურება - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ამიტომ, თუკი საგარეო პოლიტიკის საზომი მორალია, საქართველოსთვის მორალურია ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამ შედეგებთან დაგვაახლოებს, ქვეყნის ომსა და ქაოსში გადაჩეხვის გარეშე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგებს ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რაც აუცილებლად მოიტანს ქვეყნისთვის სასურველ შედეგს.
„ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული, რეალისტური და რაციონალური პოლიტიკის შუალედურ შედეგებს კარგად ხედავს საერთაშორისო საზოგადოების გონიერი ნაწილი, რომელსაც ესმის საერთაშორისო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპები. და რაც მთავარია, ჩვენი პოლიტიკის შედეგებს კარგად ხედავს ქართველი ხალხი და ჩვენი ამომრჩეველი. ეს ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და აუცილებლად მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის სასურველ შედეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ფორუმიც ხელს შეუწყობს სწორედ ასეთ - ღია, პატივისცემაზე დაფუძნებულ და შინაარსიან დიალოგს. მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს არა მზა იდეოლოგიურ პასუხებს, არამედ განსხვავებული გამოცდილებისა და მოსაზრებების გაცვლას, რაც საბოლოოდ უკეთეს გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტმა ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარები, საქართველოს პარლამენტის, მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრები.