საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 02 ივლისი 2026
შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდნენ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კულტურულ და ისტორიულ მეგობრობას და ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტებზე და შესაძლებლობებზე.

 

„შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ სტრატეგიულ სექტორებზე, რომლებიც საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. საუბარი შეეხო სტრატეგიულ სექტორებს: ენერგეტიკას, ლოგისტიკასა და ტრანსპორტს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, უძრავ ქონებას. აღნიშნულ სფეროებში ისრაელის წარმატებული გამოცდილებისა და განვითარების მოდელის გაცნობა ქართულ ბიზნესს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, თანამედროვე პრაქტიკის გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებს, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT) და ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ საქართველოს IT და კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებებით საქმიანობისთვის კონკურენტული საგადასახადო გარემო და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები აქვს, რაც ქვეყანას ინოვაციური კომპანიების მოზიდვისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. ხაზი გაესვა, რომ ამ სფეროებში ისრაელის მრავალწლიანი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო და ღირებულია. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებულ მზარდ დინამიკაზე - გასულ წელს საქართველოს ისრაელის 400 ათასზე მეტი მოქალაქე ეწვია, რაც ორ ქვეყანას შორის ტურისტული ურთიერთობების წარმატებულ განვითარებაზე მიუთითებს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

 

მისი თქმით, ისრაელის ელჩთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს დაეთმო. აღინიშნა, რომ ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა განათლების ხარისხისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელის თვალსაზრისით, რის გამოც მისი გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 

„საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. ისრაელის წარმატებული ეკონომიკური მოდელის და ინოვაციებზე დაფუძნებული განვითარების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევძლებთ იმ რეფორმებისა და თანამედროვე ეკონომიკური მიდგომების დანერგვას, რომლებმაც ისრაელის სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება განაპირობა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.