
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა, კომიტეტის წევრ ანტონ ობოლაშვილთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესის სექტორში არსებული აქტუალური საკითხები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
ასევე, აღინიშნა განვითარების პოტენციალი და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ინტენსიურად მუშაობს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაზე. ამ პროცესის ფარგლებში, დღეს შედგა ჩვენი კომიტეტისა და BAG-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა. როგორც მოგეხსენებათ, BAG 130-მდე ბიზნეს ჯგუფს აერთიანებს, რაც ჯამში 1500-ზე მეტ კომპანიას მოიცავს. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას საქართველოს წამყვანი ბიზნესების განწყობებზე, გეგმებსა და ინიციატივებზე. ეს საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მიზანმიმართული და ეფექტური გადაწყვეტილებები ბიზნესისთვის წარმატებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად, რადგან საქართველოს გამარჯვება წარმატებულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე გადის“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, BAG-ის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე 10-მდე საინტერესო ინიციატივა გააჟღერეს, რომელიც გათვალისწინებული იქნება კომიტეტის წლიურ გეგმაში.
„ყველასთვის ნათელია, რომ დღევანდელ კონკურენტულ და გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში ქვეყნის წარმატება და მდგრადი ეკონომიკური განვითარება მხოლოდ ბიზნესისა და საჯარო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი“, – დასძინა შოთა ბერეკაშვილმა.