
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი და კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი ორგანიზაცია „ილიას სამართლის სახლის“ (ილიასი) მიერ განხორციელებული პროექტის „სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების დანერგვა საქართველოში“ მონაწილე სასკოლო საზოგადოებას ონლაინ ფორმატში შეხვდნენ.
შეხვედრაზე განათლების სფეროში სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებისთვის სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების პრიორიტეტულობაზე იმსჯელეს.
„სრულიად საგანმანათლებლო და სასკოლო საზოგადოება ვთანხმდებით იმაზე, რომ ზოგადი განათლების, ასევე თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის პროცესში ყველა რეფორმა და აქტივობა მიზნად უნდა ისახავდეს ცოდნის, ღირებულებებისა და სწრაფად ცვალებადი რეალობისათვის აუცილებელი სოციალურ-ემოციური უნარების შეძენას, რაც სწორედ სასკოლო ასაკიდან იწყება და ნიშნავს ბავშვების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სამოქალაქო საზოგადოებაში ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
პროექტი ხორციელდება ევროპის ფონდის (EPF) დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში.