საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები განიხილა

მედია და საზოგადოება 25 Jun 2025
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები განიხილა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა კომიტეტს „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი გააცნო.


მისი თქმით, ცვლილებების პროექტი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციას და საბჭოს აპარატის გაუქმებას შეეხება, მეორე მოსმენამდე კომიტეტის აპარატთან და იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად დამუშავდა, რომლის შედეგადაც, რამდენიმე პუნქტი დაზუსტდა და დაიხვეწა.

კომიტეტის სხდომაზე ვახტანგ ბაჩიაშვილმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა.


ცვლილებების შედეგად, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების შექმნა, სამინისტროს მმართველობის სფეროს გარდა, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების ორგანოებსაც შეეძლებათ. მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები საქართველოს დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადასვლას უკავშირდება.


კომიტეტის წევრებმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.