
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე პარიზში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს, ასევე, მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომებში.
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის მნიშვნელოვან ნაწილს, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის რანგში, თედო ჯაფარიძე თავმჯდომარეობდა, სადაც ასამბლეის მომავალი სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა. საგაზაფხულო სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, სტრასბურგში 21 აპრილს სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ამ წინადადებას ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.
მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, აღსანიშნავი იყო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს გამოსვლა, რომელმაც კომისიის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
მან ევროპის საბჭოს წევრ ქვენებში, პოლიტიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ცნობილი იტალიელი ფილოსოფოსისა და მწერლის, უმბერტო ეკოს სიტყვები მოიყვანა მაგალითად პოლიტიკურ ურთიერთობებში უმრავლესობისა და უმცირესობის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. დისკუსიაში, რომელიც ბუკიკიოს გამოსვლის შემდეგ გაიმართა მონაწილეობა მიიღო თედო ჯაფარიძემ. თავის შეკითხვაში მან სწორედ, უმბერტო ეკოს ციტატაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უმრავლესობას, როგორც მმართველ ძალას, უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს მართოს პოლიტიკური პროცესები და მოიძიოს კომპრომისი. თუმცა, მისი თქმით, ხშირად ყურადღება არ მახვილდება უმცირესობის პასუხისმგებლობაზე.
"შესაძლებელია, რომ უმცირესობა იყოს ყოველთვის მართალი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის უმცირესობაა ისევე, როგორც, უმრავლესობა იყოს ყოველთვის მართალი"? - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ. "უმცირესობას არა მხოლოდ პასუხისმგებლობა არამედ, ვალდებულება აქვს, რომ იყოს კონსტრუქციული და იფიქროს ქვეყნის ინტერესებზე თავისი ნებისმიერი ქმედების დროს. ურთიერთპატივისცემა მთავარია ორივე პოლიტიკურ ძალას შორის. არ უნდა განვიხილოთ, რომ მართალი ყოველთვის შეიძლება იყოს უმრავლესობა ან უმცირესობა. რა თქმა უნდა ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც ისინი ბოიკოტს უცხადებენ უმრავლესობას, რაც მათი მხრიდან არაკონსტრუქციული ქმედების გამოხატულებაა, რაც საბოლოო ჯამში აზიანებს ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა თედო ჯაფარიძის საპასუხოდ. მან ევროპის საბჭოს ქვეყნების უახლოესი პოლიტიკური ცხოვრებიდან, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება, რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ევროპაში ამ პრობლემის გადაჭრისა და პოლიტიკური კომპრომისის პოზიციის მიღების ერთ-ერთი საშუალება სწორედ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნაა.