
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე ბერლინში, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებთან, საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებთან, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან, წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობს. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მიმართა, რომელმაც ევროპისთვის ძალზედ აქტუალური მიგრაციის კრიზისის ფონზე, ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თედო ჯაფარიძემ, კონფერენციის ფარგლებში, არაფორმალური საუბარი გამართა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან ნორბერტ ლამერტთან. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ნორბერტ ლამერტმა აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის ამოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში უპირობო ლიდერია და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ბერლინში ელოდებიან.
თედო ჯაფარიძეს ასევე, საუბრები ჰქონდა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.
მინისტრმა საუბრისას, საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება და სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით მის ყოფილ კოლეგას, ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ეს წარმატება.
კონფერენციას 14 მარტს, გერმანიის ბუნდესტაგი, ხოლო 15 მარტს - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობდა.